აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხუთ ვენესუელელ ოპოზიციონერ ლიდერს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მან მადუროს დაუნდობელი რეპრესიებისა და ტირანიის წინაშე გამოჩენილი სიმამაცისთვის ოპოზიციონერებს მადლობა გადაუხადა.
"დიდი პატივია შევხვდე ვენესუელელ ოპოზიციის მამაც ლიდერებს, რომლებიც მადუროს რეპრესიებისა და ტირანიის სამიზნეები იყვნენ. მათი გამბედაობა შთააგონებს ყველას, ვინც უფრო დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის, განსაკუთრებით ხუან პაბლო გუანიპას და 70-ზე მეტი ადამიანის თვითნებური დაკავების ფონზე. აშშ არ შეწყვეტს ვენესუელელების მხარდაჭერას, რომლებიც დემოკრატიისთვის იბრძვიან და ასევე, ყველა უკანონოდ დაკავებული ამერიკელის უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის" წერს რუბიო.
რუბიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების, ასევე ვენესუელაში თვითნებურად დაკავებული ამერიკელებისა და სხვა უცხოელი მოქალაქეების უსაფრთხო გათავისუფლების მიმართ.