ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის კონტექსტში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან საქართველოს წინააღმდეგ საქმეების 2 ჯგუფი განიხილა: "ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ" და "მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ". ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კომისარი ამბობს, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევის შესახებ".
"ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ" საქმეების ჯგუფი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა დარღვევას, რომლებიც დაკავშირებულია არასათანადო მოპყრობასთან, ძირითადად სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ, და ამ დარღვევების არაეფექტურ გამოძიებასთან. ამ კომუნიკაციაში კომისარი ხაზს უსვამს იმის უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომ სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, განსაკუთრებით საჯარო შეკრებების კონტექსტში, შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. იგი ასევე მოუწოდებს არასათანადო მოპყრობისა და უკანონო დაკავების საქმეების ეფექტური გამოძიებისკენ და სამართალდამცავი ორგანოების ყველა თანამშრომლის თვალსაჩინო და ინდივიდუალური იდენტიფიცირებისკენ.
"მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საქმეში, რომელიც ეხება მშვიდობიანი შეკრებების დროს ადმინისტრაციული დაკავების თვითნებურ გამოყენებას და არასაკმარის სასამართლო განხილვას, კომისარი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ყოვლისმომცველი რეფორმა. ეს უნდა მოიცავდეს ეფექტურ კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის და საერთაშორისო ორგანოების ექსპერტებთან. ის ასევე რეკომენდაციას უწევს იურიდიულ დახმარებაზე ეფექტური წვდომის, სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებისა და დროული, დამოუკიდებელი სასამართლო ზედამხედველობის უზრუნველყოფას. და ბოლოს, იგი მოუწოდებს 2024 წლის ნოემბრიდან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვას, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას არაპროპორციულად ზღუდავს.
ეს შეტყობინებები, რომლებიც წარდგენილია მინისტრთა კომიტეტის რეგლამენტის შესაბამისად, ძირითადად ეფუძნება კომისრის მიერ 2025 წლის 21-23 იანვარს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ მიღებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს", - წერია განცხადებაში.