საქართველოს პროკურატურის დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურული დანაყოფებისთვის აღმაშენებლის ხეივანზე ახალი ადმინისტრაციული შენობა შენდება. აღნიშნულ შენობაში განთავსდება, როგორც თბილისის პროკურატურა ასევე სხვადასხვა რაიონის პროკურატურები. ახალ შენობაში ასევე განთავსდება პროკურატურის სასწავლო ცენტრი.
მშენებლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ხორციელდება და პროექტის სავარაუდო ღირებულება 22 მილიონ ლარამდეა.
არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ 12967 კვ.მ მიწაზე აშენდება 9673 კვ.მ ფართობის შენობა, ოთხ სართულიანი ძირითადი ნაგებობა შედგება სამი განსხვავებული სიგრძის ფლიგელისაგან. შენობის სიმაღლე 26 მეტრი იქნება, მათ შორის 5 მეტრი მიწის ქვეშ. ძირითადი ნაგებობის გარდა შენობას ექნება საშვთა ბიურო და სპორტული მოედანი.
პროკურატურის ახალი შენობა ყოფილი სასტუმრო უშბის უკან 3.6 მეტრის დაშორებით შენდება, კონსტრუქციულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ნაგებობების სიახლოვისა, შენობას საფრთხე არ ელის. აღნიშნული შენობის ექსტერიერის მდგომარეობის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ შენობას სხვა პრობლემებიც ექნება, ამიტომ ამ შენობების სამომავლო ‘თანაცხოვრება“ კითხვებს აჩენს.
რა ბედი ელის თბილისის პროკურატურის შავი შუშის შენობას ჯერჯერობით უცნობია.