26 მაისს აბუ-დაბიში GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე დაეშვა "ჯორჯიან ეარვეისის" VIP ბორტი 4L-TGB, Bombardier CRJ. აღნიშნული ხომალდი რეგულარულად გამოიყენება საქართველოს მთავრობის ვიზიტებისთვის, კომპანია მას ასევე სხვადასხვა კლიენტებზეც აქირავებს. ინფორმაციას ამის შესახებ BM.GE ავრცელებს.
დღეს სასამართლო სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ის სწორედ "ჯორჯიან ეარვეისის" Bombardier-ის მეშვეობით ჩამოიყვანეს. მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბაჩიაშვილი აბუ დაბიში, სასტუმროში დააკავეს.
როგორც BM.GE წერს, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ქართულ ხომალდს ფრენის 2/3-ზე გამორთული ჰქონდა სანავიგაციო გადამცემი და ის მხოლოდ სპარსეთის ყურის თავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე ჩართო, შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია, რომელი ქვეყნიდან გამოფრინდა აღნიშნული ბორტი. დაშვების შემდეგ GMT დროით 14:25 წუთზე, ანუ ადგილობრივი დროით 18:25 წუთზე ხომალდი აფრინდა და სპარსეთის ყურის თავზე სანავიგაციო გადამცემი ისევ გამორთო, შესაბამისად უცნობია თუ სად დაეშვა აღნიშნული ხომალდი.
როგორც კომპანია ჯორჯიამ ეარვეისმა BM.GE-სთან განაცხადა, კერძო შეკვეთებისთვის მსურველები მათ ბორტს ყოველდღე ქირაობენ, პერსონალურ მონაცემებს კი, მგზავრების შესახებ არ გასცემენ.