"ქართული ოცნება" ადმინისტრაციულ პატიმრობას აქტივისტების დასჯის ინსტრუმენტად იყენებს" | SJC

გამოქვეყნდა:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დღეს, აქტივისტებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აქტივისტებისთვის, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვის, ყველაზე მძიმე სანქციის დაკისრება მათ სამაგალითო და საჩვენებელ დასჯას ისახავს მიზნად.

"საქმე ეხება 17 მაისს, თბილისის ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტს, სადაც ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატი, მარიამ ლაშხი თანხმლებ პირებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მითითებულ დღეს, აქტივისტები, თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მარიამ ლაშხის უშუალო სიახლოვეს და მის მიმართ, გამოხატავდნენ თავის პოზიციას ფრაზებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს”. აღნიშნულ სცენას შემთხვევით შეესწრო მოქალაქე ლიკა ლორთქიფანიძე, რომელმაც ქართული ოცნების დეპუტატის მისამართით ასევე გამოხატა თავისი პოზიცია სიტყვებით “ძირს რუსეთის მონები, “ქოცი” მონები”.

აქტივისტ თათია აფრიამაშვილს მოსამართლე დავით თეთრაულმა, ხოლო ლიკა ლორთქიფანიძეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, 12-12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება მაგდა მამუკაშვილს, მას სასამართლომ 4000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მას 12 წელს მიუღწეველი შვილი ჰყავს, რაც მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას გამორიცხავს.

30 მაისს, აქტივისტი ქალებისთვის მძიმე ადმინისტრაციული სანქციის დაკისრებით, ადმინისტრაციული სახდელების დაუსაბუთებელი შეფარდების პრაქტიკა არ ამოწურულა. დღესვე, მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ზამთრის აქციების კონტექსტში დაკავებული საბა სხვიტარიძის ძმას, თორნიკე სხვიტარიძეს. ინციდენტში მონაწილე მეორე პირს, ანი ქავთარაძეს, იმავე მოსამართლემ 5000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. განსახილველ საქმეში, სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად მიჩნეულმა პირებმა, სისხლის სამართლის საქმის მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელის, მირიან ქავთარაძეს მიმართეს სიტყვებით “მონა” და “ქავთარაძეების გვარის სირცხვილი”.

აქტივისტების მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და სახდელის სახით პატიმრობის გამოყენება არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. განსხვავებით სხვა ინდივიდებისგან, პოლიტიკოსი გარდაუვლად და გაცნობიერებულად აქცევს საკუთარ თავს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რის გამოც მას თმენის უფრო მაღალი ვალდებულება აქვს", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი