"ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე "ტაბულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა, ეხმაურება და "სიცრუის ტირაჟირების მორიგ მცდელობას" უწოდებს. მიქანაძის კომენტარს სამთავრობო მედია ავრცელებს.
მიქანაძის თქმით, აპრილის დასაწყისში, მართლაც იყო მცდელობა, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება შეეზღუდათ, მაგრამ მისივე მტკიცებით, "ბევრი ქვეყნის დელეგაციისგან წინააღმდეგობა დაფიქსირდა".
"ადგილი აქვს მორიგი სიცრუის ტირაჟირების მცდელობას... რადიკალების რიგ მხარდამჭერებს აპრილის დასაწყისში ჰქონდათ მცდელობა მართლაც, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეულწილად შეეზღუდათ, თუმცა ბევრი ქვეყნის დელეგაციის მხრიდან წინააღმდეგობა დაფიქსირდა. რის საფუძველზეც სწორედ ტაბულას ინფორმაციაში გაცხადებულ GSM სემინარებზე, უკვე აპრილის ბოლოს, მარიამ ლაშხმა და მე მივიღეთ ანტალიაში ჩატარებულ GSM სემინარში მონაწილეობა. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც წლის განმავლობაში 2-ჯერ ტარდება, ეს არის საგაზაფხულო და საშემოდგომო ასამბლეის სხდომები, ჩვენ უკვე საგაზაფხულო სხდომაზე მივიღეთ მონაწილეობა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ უკვე მოსულია მოსაწვევები შემდეგ სხდომებზეც. ჩვენი დელეგაციის წევრები დარეგისტრირებულნი არიან. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ფორმატში თანამშრომლობას NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან", - თქვა მიქანაძემ "იმედის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ "ტაბულამ" დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე, რომელიც აშშ-ს ქალაქ დეიტონში გაიმართა, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა.