"ოცნების" პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ. FARA-ს კანონი დღეიდან ძალაში შევიდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ. FARA-ს კანონი დღეიდან ძალაში შევიდა. აშშ-ში მოქმედი, "სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი" FARA-ს კანონპროექტი III მოსმენით "ოცნებამ" პირველ აპრილს დაამტკიცა.

საბოლოოდ მიღებულ კანონს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი ეწოდა. კანონი მოიცავს რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის უზრუნველყოფისა და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხებს. კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება. 

22 მაისს ცნობილი გახდა, რომ "FARA"-ს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. გასაჩვრების შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია:

"ქართული ოცნება“ ამ კანონს ამერიკული FARA-ს („Foreign Agents Registration Act“) ანალოგად მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში ამერიკული FARA 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოების განმარტებების შესაბამისად, მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას. ამასთან, აღნიშნული რეგულირება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.

მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კანონმდებლობის რეალური შინაარსი არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ტექსტით, ხოლო სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა ვერ უზრუნველყოფს მის იდენტურ ფუნქციონირებას. სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება, სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს, რაც განპირობებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმებით", - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე: 

"არ იღებს სამიზნეში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას" | მშვენიერაძე განმარტავს რით განსხვავდება ამერიკული FARA "ოცნების" FARA-სგან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი