„მთავარის“ ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთან კავშირი ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის დირექტორს ჰქონდა, რომელსაც ექიმები აკვირდებიან

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის მეოთხე და ყველაზე მძიმე შემთხვევა საქართველოში - ქართველი ექიმი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იტალიაში მოგზაურობის შემდეგ აღმოჩნდა.

44 წლის ქართველ ექიმს კორონავირუსი ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულები კვლევების შემდეგ დაუდასტურდა. მამაკაცი, კვირას საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა. ოფიციალური ინფორმაციით, საზღვრის კვეთის მომენტში მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა,  თუმცა იმავე საღამოს მამაკაცს ტემპერატურა თითქმის 40 გრადუსამდე აეწია. ორი დღის განმავლობაში ის თვითმკურნალობას ეწეოდა. ბოლოს კი ინფექციურ კლინიკაში მივიდა. 

მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, პირდაპირ შემხებლობაში იყო ერთ-ერთ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის დირექტორთან,  რომელიც ასევე დაკვირვების ქვეშ არის, მისი ლაბორატორიული კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება.

ამ დროისთვის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 4 პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ახლა ადგენენ იმ პირთა ვინაობას ვინაობას ვისაც 44 წლის მამაკაცთან შეხება ჰქონდა, თვითმფრინავსა და აეროპორტში.

კორონავირუსის შემთხვევის 80 პროცენტი პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიდის. შემთხვევების მხოლოდ 20% აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები და აქედან მხოლოდ 5 % მიდის მძიმედ. ქართველი ინფექციონისტები ამბობენ, რომ ახლა მიდის კვლევა, ხომ არ განიცადა კიდევ ერთ მუტაცია ამ ვირუსმა.

საქართველოს მასშტაბით, საკარანტინო ზონებში, 162 მოქალაქეა მოთავსებული კიდევ 31 კლინიკებში. 9 მოქალაქის ანალიზის ტესტირება ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს. დღეს ახალი საკარანტინო ზონა გონიოს სასტუმროში გაიხსნა, სადაც საქართველოს ის მოქალაქეები მოათავსეს, ვინც ირანში იმოგზაურა და ქვეყანაში შემოსვლას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა.

კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტიდან, სამი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ იტალია ყველაზე მაღალი რისკის ქვეყანაა და ყველამ, ვინც იქ იმოგზაურა, თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ.

პაციენტები, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ კორონავირუსი აქვთ, კვლევები ლუგარის ლაბორატორიაში უტარდებათ, ინფექციონისტების ტესტირებას სამჯერ ახდენენ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება პასუხების გამოცხადება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი