კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა შველას ითხოვს. ადგილობრივები მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ. ამის მიზეზი ფეთქებადსაშიში მასალის გადამამუშავებელი საწარმოს დასახლებულ პუნქტში აშენებაა.
სამუშაოები 2 თვის წინ დაიწყო. ადგილობრივები შიშობენ, რომ როდესაც წარმოება დაიწყება, გამონაბოლქვი ონკოლოგიურ დაავადებებს გამოიწვევს და მოსავლიანობაც შემცირდება. მათ ამის დასტურად დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობაც მოჰყავთ - დოკუმენტებში წერია, რომ აღნიშნულ სოფელში ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსია, რეალურად კი 35 გრადუსს აჭარბებს.
საწარმოს კომპანია "უნივერსალ ჯგუფი" აშენებს, რომლის დირექტორიც მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს. ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.