ლუგარის ლაბორატორია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს - მეცნიერები განუწყვეტლივ ატარებენ კვლევებს კორონავირუსის ყველა საეჭვო შემთხვევაზე.
ერთი ადამიანის ბიოლოგიური მასალის ვირუსზე ტესტირებას 5 საათი სჭირდება. ტესტირება მინიმუმ 2-ჯერ ხდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 3000 სატესტო მასალა შეიძინა, აქედან 700 უკვე დახარჯულია. ეს იმ ფონზე როდესაც კოვიდ 19 გავრცელების მასშტაბი ქვეყანაში ჯერ მინიმალურია. იყო საფრთხე რომ მასალის დეფიციტი შეიქმნებოდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ რეზერვები შეავსეს.
დილიდან ყველზე მსხვილი სამედიცინო კორპორაციის სათაო ოფისის დეზინფექცია მიმდინარეობდა. გეფა-ს ერთ-ერთ ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით მას თანამშრომლებთან ჰქონდა კონტაქტი და იტალიიდან დაბრუნების შემდეგ სამუშაო თათბირს ესწრებოდა. თვითიზოლაციაში არიან ამ სამედიცინო კორპორაციის სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები. წყარო მთავარ არხს უყვება, რომ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საკარანტინო ზონას თავს სხვადასხვა მანიპულაციებით არიდებენ, ისინი ჯერ დაბალი რისკის ქვეყნებში მიფრინავენ და შემდეგ საქართველოში ჩამოდიან. დღეს იურისტებმა ახსნეს, რომ თუ მოქალაქე ინფიცირებულია და ამას მალავს ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
საქართველოში კორონავირუსი - 9 მოქალაქეს აქვს. კარანტინის რეჟიმშია-162. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 45. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 44 წლის მამაკაცი იტალიიდან მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა. ის ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელია.
საჩხერის, აბასთუმნის და თბილისის შემდეგ ახალი საკარანტინო ზონა მოეწყო გონიოში, სადაც უკვე მეორე დღეა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან გადაყვანილი მოქალაქეები ჰყავდა მოთავსებული.
.