„გეფას“ თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია აქვს, სამსახურის გარდა, სამძიმარზეც იმყოფებოდა. ამ დროისთვის უცნობია, მოხდა თუ არა იმ პირების იდენტიფიცირება, ვისთანაც მას შეხება ჰქონდა.
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და შესაბამისი კვლევა უტარდებათ. ხელისუფლება მოქალაქეებს მათ წილ პასუხისმგებლობასაც ახსენებს.
როდესაც ინფექციის გადატანა ხდება ქვეყანაში სიტუაცია რთულდება, თუმცა, ესეც არ იძლევა მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველს, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებლები... ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებადია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში შიდა ინფექციის მატარებელ ადამიანებთან. დღესდღეობით მოწმდება ის 70 ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტზე“, - განაცხადა მინისტრმა.
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 2 მოქალაქე შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყავთ. სულ კი ბოლო 24 საათში 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორისაა ამირან გამყრელიძის შვილიც, რომელიც „გეფას“ ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრის შედეგად დაინფიცირდა.
ინფექციურ საავადმყოფოში კი მკურნალობის კურსს სულ 11 ინფიცირებული პაციენტი გაივლის, კიდევ ერთი პაციენტი კი სხვა კლინიკაში, რომლის იდენტიფიცირებას ჯანდაცვის სამინისტრო არ ახდენს. მინისტრის თქმით, ორივე პაციენტი სახლში იმყოფებოდა და დილით მიღებული ანალიზის პასუხის საფუძველზე გადაჰყავთ სხვადასხვა საავადმყოფოში.