მეუფე პეტრე სინოდის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი დასჯა საეკლესიო კანონების დარღვევით მოხდა.
მიტროპოლიტობიდან განყენებული მეუფე პეტრე განმარტავს, მოციქულთა კანონის 55-ე მუხლი არ ეხება ეპისკოპოსებს და რელევანტურია მხოლოდ დაბალი იერარქიის სასულიერო პირების შემთხვევაში.
ამასთან, სინოდმა მეორე მეუფეს, იაკობს, ისე მისცა გაფრთხილება, რომ წაყენებული მუხლი საერთოდ არ განუმარტავს.
„მომიყენეს მოციქულთა კანონი აბსოლუტურად არაადეკვატურად, ეპისკოპოსს არ ეხება, ეს ეხება კლერიკოსს, რომელიც ეპისკოპოსზე დაბლა რანგია, უკვე შეცდომაა, კანონიკური სამართლის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მეორე, ყოფილ ქორეპისკოპოსს გაფრთხილება მისცეს ანუ დასაჯეს, მაგრამ არ არის მითითებული, რა მუხლით, რატომ, ჩემზე არის მუხლი მითითებულ არასწორად, უკანონოდ, მასზე საერთოდ მუხლი ვერ მოიფიქრეს, რომ ფორმალურად მუხლი მაინც მიეთითებინათ, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი თავისი უპასუხისმგებლო საქციელის გამო, რა მუხლით დაისაჯა კანონიკური სამართლის მიხედვით“, - განაცხდა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრე ასევე, არ აპირებს დაემორჩილოს სინოდის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ არ წავა შიომღვიმეში. მეუფე ინჩხურის მონასტერში გამწესებას ითხოვს.
„შიომღვიმეში, კატეგორიულად ვამბობ, რომ არ წავალ. ჩემი აქტიურობა, საჯაროობა, რაც მიმაჩნია, რომ დარჩა ერთადერთი იარაღი ამ ბრძოლის გაგრძელების, სიმართლისთვის ბრძოლის გაგრძელების“, - ამბობს მეუფე.
მეუფეს არგუმენტებს სრულად იზიარებს თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი. ის ამბობს, რომ 55-ე მუხლი ითვალისწინებს სასულიერო პირის განკვეთას და არა განყენება.
„მეუფე ვიცით, რომ არ არის განკვეთილი, მიეცა გაფრთხილება, არის განყენებული და შესაბამისად, ის კანონიც კი, რომელიც დამახინჯებული ფორმით მიუსადაგეს, ბოლომდე ვერ აღასრულეს, შინაარსობრივადაც და გადაწყვეტილებაშიც“, - განაცხადა ტიგინაშვილმა.
სინოდმა და პატრიარქმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ თქვა, "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის".