რუსული კვალი და საარჩევნო ინტერესები გარეჯის საქმეში - წმინდა სინოდის წევრები არ მალავენ რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმის გამოძიებაში კერძო ინტერესები იკვეთება.
ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა დაკავებული მეცნიერების მორიგი მხარდამჭერი განცხადება სვეტიცხოველში, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგაც გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველაფერი არჩევნების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
"ისინი არიან უდანაშაულონი, დანარჩენი სახელმწიფოს გადასაწყვეტია, დანარჩენი არჩევნების შემდეგ გამოჩნდება სიმართლე და იზეიმებს ჭეშმარიტება, ეს ვიღაცის ინტერესებია, როცა მეგობარი ქვეყანა ომს აწარმოებს, ჩვენ ეს არ უნდა გვეკადრებინა...შეიძლება ვიღაცის პოლიტიკური მოსაზრებებიც იყოს. გაარკვევს 3 ნოემბერი ყველაფერს".
სინოდის წევრი არჩევნების შემდეგ, ცვლილებების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს:
"ძალა ერთობაშია, ხალხშია ძალა და ამ ძალამ უნდა გარღვევა მოახდინოს და ნათელი გონების ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ საქართველოში დემოკრატიამ იზეიმოს და ხალხს ეშველოს, უკვე დროა" ამბობს მეუფე ვახტანგი.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი დაკავებულ მეცნიერებს ბოდიშს უხდის:
"მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამინს ასეთი დამოკიდებულების გამო, მე ვერ გავერკვიე რა მოხდა და როცა წმინდა სინოდის წევრმა არ ვიცი რა ხდება, ამავდროულად საქართველს ეკლესიის რიგითი სასულიერო პირი საუბრობს ამ თემებზე, ჩემთვის ეს მიუღებელია - რატომ დუმდნენ 6 წლის განმავლობაში?", - ამბობს მეუფე მელქისედეკი.
სასულიერო პირების ნაწილი კომენტარისგან თავს იკავებს. კითხვაზე, ხედავს თუ არა "კარტოგრაფების საქმეში" რუსულ კვალს ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი ჟურნალისტებს ასე პასუხობს - "თქვენში ვხედავ რუსულ კვალს".
საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ანდრია ჯაღმაიძე კი ამბობს, რომ დავითგარეჯთან დაკავშირებით, ახალი ეტაპი დგება:
"რაღაც ახალი ეტაპი დგება დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით, ამ სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებით. მიუხედავ იმისა, რა ვითარებაა, ეკლესიის მოტივაცია ამ საკითხზე აქტიურობისა, არის ქართველი ერის ძირძველი სიწმინდეების შენარჩუნება...ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორად გაევლოს ხაზი", - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საუბრობს მეუფე ნიკოლოზიც:
"ვის გინახვათ ეს რუკა?... ნახეთ ეს რუკები. ყველა რუკა რომელიც არსებობს, არსად არ არის გარეჯაზე ლაპარაკი, დაუსაბუთებელი ბრალდებით, ყურმოკვრით ადამიანს დასდო ბრალი სამშობლოს ღალატში, ეს არის არასწორი საქციელი... თქვენ ნუ მოიქცევით ასე", - ამბობს მეუფე.