დადგება თუ არა „გეფას“ ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი, უცნობია - „მთავარის“ ინფორმაციით, ის სამსახურის გარდა, სამძიმარზეც იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა და 13-ს შეადგენს. ინფიცირებულთა შორის არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე.

ნიკოლოზ გამყრელიძე ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით გადაიყვანეს. ქვეყნის უმსხვილესი სამედიცინო კორპორაციის ხელმძღვანელი იტალიიდან ჩამოსულ თანამშრომელთან კონტაქტით დაავადდა.

ამ დროისთვის, ისე, როგორც სხვა 10 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საშუალოზე მძიმედ რჩება ქვეყნის ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელის მდგომარეობა. „გეფას“ დირექტორი სწორედ ის პირია, ვისთან კონტაქტითაც ნიკა გამყრელიძე დაინფიცირდა.

„მთავარი არხისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ დირექტორი იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ არამარტო საქმიან შეხვედრებს მართავდა, არამედ კორონავირუსის დაფიქსირებამდე ერთი დღით ადრე სამძიმარზე იმყოფებოდა, სადაც არაერთ პირთან ჰქონდა კონტაქტი. უცნობია, იდენტიფიცირებულია თუ არა ყველა პირი, ვისთანაც კორონავირუსით ინფიცირებული უშუალო შემხებლობაში იმყოფებოდა.

ნიკოლოზ გამყრელიძის დაინფიცირება დაავადების  ერთ პირიდან მეორეზე გადაცემის პირველი შემთხვევა საქართველოში. ამის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრი ამ ეტაპზე ქვეყანაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავს. ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და ურჩევს, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნებულმა თვითიზოლაციას მიმართონ, რათა კორონავირუსის გავრცელების საშიშროება შემცირებული იყოს.

ქვეყნის  სხვადასხვა საკარანტინო ზონაში 140 ადამიანია მოთავსებული. რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში დაკვირვება ამ დროისთვის 33 ადამიანზე მიმდინარეობს. 2 პაციენტს კი ტემპერატურის მატება აღენიშნება.

სპეციალისტები „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ახლო მომავალში კიდევ ვარაუდობენ. ამ დროისთვის კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 42 პაციენტია მოთავსებული.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი