თბილისში ღამის კლუბები იხურება. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა უკვე შედგა, რა დროსაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა დიდი კლუბი, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში, დაიხურება.
ღამის კლუბის „მტკვარზე“ ადმინისტრაცია განცხადებასაც ავრცელებს და ადასტურებს, რომ მუშაობას კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დროებით წყვეტს.
კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ კლუბის დროებით დახურვის გადაწყვეტილება.
ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს და საჯარო შეკრებები მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია", - წერია განცხადებაში.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაგეგმილ ღონისძიებებს აუქმებს „ბასიანიც“ და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე კლუბი.
სავარაუდოდ, ღამის კლუბის მფლობელებს თანამშრომლების სახლში გაშვება გაურკვეველი დროით მოუწევთ. ღამის კლუბების მენეჯერები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას შეძლებენ, თუმცა, თუ დიდხანს გაგრძელდება კარანტინი, მათ ბიზნესზე აუცილებლად აისახება.
ამას გარდა, განცხადებას ავრცელებს ასევე "თბილისის ღამის ეკონომიკის" გუნდიც. კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, სერგი გვარჯალაძის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრები დროებით იზღუდება.