ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივები მე-18 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ, დღეს იმერეთის გუბერნატორს ელოდებოდნენ, თუმცა ზვიად შალამბერიძე ადგილზე არ ჩავიდა.
აქციის მონაწილეები მხარის რწმუნებულს შეთანხმების დარღვევში ადანაშაულებენ. მათი თქმით, გუბერნატორი აქციაზე ერთადერთი მიზეზით არ მიდის - იგი საკითხის მიმართ არაკომპეტენტურია და ამის დემონსტრირება არ სურს.
"ჩვენი პოლიციის უფროსს, კოკა მაისურაძეს, აქვს პირობა დადებული, რომ დღეს აქ უნდა ჩამოსულიყო გუბერნატორი. ეს არის ადამიანების მასხრად აგდება. ჩვეულებრივად გადაგვაგდო და იქედან გვითვლის გინდ 5, გინდ 10 კაცი მოდითო. წარმოდგენა არ აქვს რა ხდება აქ, არაფერზე პასუხი არ აქვს და სწორედ ამიტომ არ უნდა მოსვლა. გვიბარებს კაბინეტში, რომ ილაპარაკოს იმაზე, თუ რა სიკეთეები მოაქვს ჰესს. ამ გადაგდებას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. გადავკეტავთ გზას და ტექნიკას არ მივცემთ გადაადგილების საშუალებას", - ამბობს მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენელი და საპროტესტო აქციების ერთერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი.
აქციის მონაწილეების თქმით, ორი დღის წინ ასევე მიიღეს დაპირება, რომ სამუშაოები შეჩერდებოდა, თუმცა, კვლავ მოტყუებული დარჩნენ. თურქული კომპანია ადგილზე მოსამზადებელ სამუშაოებს აგრძელებს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აქციის მონაწილეებთან შეთანხმებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გუბერნატორი მზადაა ნებისმიერ მოქალაქეს შეხვდეს, მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში.