თბილისში პარიზის რეისით ჩამოფრენილი უტა ივანიშვილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. საფრანგეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, პრემიერის გადაწყვეტილებით, სავალდებულო კარანტინში ყოფნა ან თვითიზოლაციის გავლა უწევთ.
თბილისის საერთაშორის აეროპორტში „მთავარმა არხმა“ ექსკლუზიური კადრების გადაღება შეძლო. ვიდეომასალაში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც თბილისში პარიზიდან ჩამოფრინდნენ. მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი უტა ივანიშვილი, თუმცა, ვიდრე ბორტის უკლებლივ ყველა მგზავრი საკარანტინო პროცედურებს გადიოდა, უტა ივანიშვილი ტერიტორიიდან გაიყვანეს.
თვითიზოლაციის სურვილი პარიზიდან თბილისში ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების სხვა ნაწილსაც ჰქონდა და საჭირო კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებდნენ. თუმცა გუშინ ღამით ამის უფლება მხოლოდ უტა ივანიშვილს მისცეს. დანარჩენები კახეთში სასტუმრო „სავანეთში“ გადაიყვანეს.
ოპოზიცია ამბობს, რომ მაშინ როდესაც საკარანტინო ზონებზე დიდი მოთხოვნაა, თვითიზოლაციაში მოქალაქეების გაშვება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა არ უნდა იყვნენ პრივილეგირებული ადამიანები და პირიქითი, ხელისუფლების ოჯახის წევრები სხვებს უნდა აძლევდნენ მაგალითს, რომ წესების დაცვა და კარანტინში გადასვლა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა
ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაციით, თვითიზოლაციაში 1000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება, თუმცა დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლები იზოლაციაში მყოფ პირებს სამსახურში გასვლას აიძულებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ თუ ზეწოლა ამ ადამიანებზე გაგრძელდება, ისინი ამ კომპანიების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებენ.