კორონავირუსის გამო საქართველოს ეკლესიამ შესაძლოა კიდევ ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღოს. ზიარების შემდგომი წესის შეცვლის შემდეგ, არ არის გამორიცხული აღდგომის საზეიმო წირვამ სამებაში მრევლის გარეშე ჩაიაროს.
უკვე ცნობილია, რომ იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა წელს ხალხის გარეშე ჩატარდება. მიიღებს თუ არა ანალოგიურ გადაწყვეტილებას საქართველოს საპატრიარქო, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სასულიერო პირები ამბობენ, რომ აღდგომამდე 1 თვეა და მათ მსჯელობისთვის საკმარისი დრო აქვთ.
პატრიარქი რასაც გვაკურთხებს და ღმერთი რასაც ინებებს უნდა დავემორჩილოთ. ჯერ ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო განვიხილოთ რაღაც რაღაცეები - განაცხადა თიანეთისა და ფშავ ხევსურეთი ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა.
სააღდგომო წირვის მრევლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა უნდა მიიღოს, თუმცა ჯერჯერობით არც მისი ჩატარების თარიღია ცნობილი. ამასთან დაკავშირებით დღეს უკმაყოფილება გამოთქვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმაც.
მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას უშუალოდ პატრიარქს აკისრებს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრეც. მან პატრიარქის ბოლოდროინდელი განცხადებები გაიხსენა:
პირველ რიგში პასუხისმგებლობა უნდა მოვთხოვოთ პირველ განმცხადებელს, კათალიკოს პატრიარქს, რომელმაც ერი დაამშვიდა რომ ღვთისმშობლის წილხვდომილობიდან გამომდინარე, საქართველოში ეს ვირუსი აღარ შემოვიდოდა". განაცხადა მეუფე პეტრემ "მთავართან" სატელეფონო საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ზიარების შემდგომ, საეკლესიო რიტუალებში ცვლილებების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, საპატრიარქოს ინფორმაციით, კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, ზიარების თანმდევი პროცესის დროს, როდესაც მრევლი ე.წ. სიტკბოებას იღებს, დაუშვეს საკუთარი ჭურჭლით ან ერთჯერადი ჭიქებით სარგებლობა.