ყველა დიდი ქალაქი საახალწლო სამზადისს იწყებს, თუმცა უცნობია ვისთვის. მოქალაქეებს გადაადგილება ღამის 10 საათის შემდეგ არ შეუძლიათ.
დედაქალაქის მერიამ უკვე გამოაცხადა მილიონ ლარზე მეტის ღირებულების რამდენიმე ტენდერი, სხვადასხვა სახის განათებების შესაძენად, თუმცა ამ განათებების ნახვა მხოლოდ 10 საათამდე შეგეძლებათ, რადგან ქვეყანაში კომენდანტის საათია.
104 000 ლარს კახა კალაძე შარშან მილიონ ლარად ნაყიდი ნაძვის ხის გადაკეთებას მოახმარს.
ასობით ათასი ლარი დაიხარჯება სხვადასხვა განათებები შესყიდვასა და შეკეთებაზე.
გარდა ამისა, ახალი წლისთვის მერიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელმაც იგივე ტენდერში დისკვალიფიკაცია მიიღო.
პანდემიის პირობებში ქუთაისს ახალი წლის დადგომა 210 000 ლარი დაუჯდება. ქალაქის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი.
გეგმის თანახმად, უნდა განახლდეს ძველი კონსტრუქციები და განათებები. მოქალაქეები და ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაშინ როცა ქვეყნის მეორე ქალაქში ათასობით მოქალაქე შიმშილის ზღვარზეა, ადგილობრივ ხელისუფლებამ ხალხის ფული ხალხს უნდა მოახმაროს.
ბათუმის გაფორმების სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულებად ნახევარი მილიონი ლარია.
ზღვისპირა ქალაქისთვის წელს 70 ათასი ლარის ღირებულების ახალ საახალწლო გირლანდებს შეიძენენ,
რამდენად ლოგიკური და მიზანშეწონილია საახალწლო განათებების მონტაჟი ახალ წლამდე ერთი თვით ადრე, როცა რეალურად ღამით ადამიანები ქუჩაში ვერ გადაადგილდებიან? კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ 6 დან 10 საათამდე დაათვალიერონ განათებული ქუჩები და იმედოვნებენ, რომ საახალწლოდ მოქალაქეებს გვიან ღამემდე შეეძლებათ ქუჩაში გაჩერება.