მოქალაქეები, რომლებიც გუდაურში 5-10 მარტს ისვენებდნენ კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშ არიან - "მთვრალი ალუბალი" განცხადებას ავრცელებს.
დღეს ცნობილი ხდება, რომ ჩეხ ტურისტებს, რომლებიც დროის ამ დროს სამთო კურორტზე იყვნენ, კორონავირუსი დაუდგინდათ.
მათ ყველაზე პოპულარული ბარის "მთვრალი ალუბლის" ადმინისტრაციას აცნობეს, რომ კოვიდ 19 აქვთ. პერსონალი იზოლაციაში მოქცეული. ორი თანამშრომელი კი, რომელსაც მაღალი სიცხე აქვს ტესტის პასუხს ელოდება."მთვრალი ალუბლის" მფლობელი, მირანდა ესაკია, ახლა თვითიზოლაციაშია. მისი თქმით, სამშობლოში დაბრუნებულ სამ ჩეხს ვირუსი დაუდგინდათ.
"ეს ადამიანები ყოველდღიურად გვსტუმრობდნენ. ჩავთვალეთ საჭიროდ, დავიკეტოთ და გადავედით თვითიზოლაციაში. ორ თანამშრომელს აღენიშნებოდა სიცხე და გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში,"-ამბობს ესაკია.
გუდაურში ახლა თითქმის ყველა კაფე იკეტება. კვების ობიექტების თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ დაკეტვის მითითება არ მიუღიათ, არც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულა, თუმცა კაფეების უმრავლესობა იკეტება.
"ვკეტავთ ახლა, დღემდე არაფერი ყოფილა მსგავსი გუდაურში და დეზინფექცია არ ჩატარებულა.შესაძლოა, ეპიდემიოლოგები იყვნენ, მაგრამ მე არ დამინახავს,"-ამბობს ერთ-ერთი კაფის თანამშრომელი.