უსახლკარო ადამიანები ღია ცის ქვეშ, გაჩერებებზე, მეტრო სადგურებთან, მიწისქვეშა გადასასვლელებში და ბაზრობების მიმდებარედ ზამთარსა თუ ზაფხულში ყველასგან დავიწყებულები ცხოვრობენ. მათ უკან მძიმე ტრაგედიებია, რის გამოც ახლა მათი ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისია.
მოხუცი ქალი წლებია ქუჩაში ცხოვრობს - არ ჰყავს ოჯახი და არც ნათესავები. ახლა ცივ ღამეებს ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთერთი სახლის კიბეზე ათენებს. უცხო ადამიანების ნაჩუქარ მუყაოს ყუთებს, ცივ ბეტონზე აფენს, შემდეგ სხვადასხვა ტანსაცმელს და ზემოდან თხელ საბანს იფარებს.
ეს სახლი ძალიან ახლოსაა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარის გია ვოლსკის ბიუროსთან, თუმცა ფაქტია, რომ დაბურული შუშებიდან მაჟორიტარი სიცივეში, თხელ საბანში შეხვეულ მოხუცს ვერ ხედავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოხუცს არ აქვს დოკუმენტები, ამიტომაც ვერ იღებს პენსიას, მისი შემოსავალი ადამიანების ნაჩუქარი ფული და საკვებია. მოხუცის მდგომარეობის შესახებ იცის გამგეობამ, თუმცა მისთვის ერთი თბილი ოთახი ამ დრომდე ვერ გამონახეს.
გლდანის მეტროს მიმდებარედ რამდენიმე უსახლკარო ცხოვრობს. ერთერთი ინგა მოსესოვაა. მისი მეგობრები უსახლკარო ძაღლები არიან, ღამით სწორედ ისინი ათბობენ. ახალგაზრდა ქალი ბაზარში მოვაჭრეებს პროდუქტის ურიკით გადატანაში ეხმარებოდა, კორონაპანდემიის დროს ეს ერთადერთი შემოსავლიც დაკარგა.
ინგას მსგავსად ათობით უსახლკარო ახმეტელის მეტროსთან ცხოვრობს. ერთერთი გიორგია. მის შესახებ იცის ყველა გამვლელმა, რომელიც მეტროთი სარგებლობს. სხვების მსგავსად ისიც დაივიწყა ხელისუფლებამ და ახლა კეთილი ადამიანების მოწყალების იმედადაა.
რეპორტაჟის მომზადებისას დიდუბის მეტროსთან გიორგი მხეიძე ვიპოვეთ, რომელიც წლებია ხან თბილისში, ხან კიდევ სხვა ქალაქში თავს ქუჩას აფარებს. მთავრობაზე გაბრაზებულია, რადგან არც ის და არც სხვა უსახლკაროები პანდემიის დროსაც არავის გახსენებია. ამ ახლგაზრდა კაცის სახლი და საწოლი გაჩერების სკამია. მასაც სხვების მსგავსად პირადი ტრაგედია აქვს, რომელზეც საუბარი არ სურს.
კიდევ ერთი გიორგი თბილისის ცენტრში ფილარმონიასთან ცხოვრობს. სახლიდან წამოსვლა წლების წინ მოუწია, ახლა კი მისი ოჯახის წევრი ყველა მოქალაქეა, რომელიც მას ეხმარება. ისიც სხვების მსგავას თავს მოწყალებით ირჩენს.
რამდენიმე თვის წინ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამტკიცებდა, რომ თბილისში უსახლკაროები არ არსებობენ. მერი ქუჩაში უსახლკაროებს ვერც ახლა ამჩნევს, ამიტომ მათ ისევ არავინ ეხმარება. სავარაუდოდ, მათ არსბეობას ვერც მერის პარლამენტში მოხვედრილი მეგობრები შეამჩნევენ.
პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობამ 10 მილიარდი ლარი სესხად აიღო, როგორ დახარჯეს უცნბია - ფაქტია რომ ასობით უსახლკარო არავის გახსენებია, არადა წინ ცივი ზამთარია.