ქალაქის ერთერთ უძველეს ქუჩაზე რკინა-მინა-ბეტონის გაუვალი "ჯუნგლები" შენდება

გამოქვეყნდა:

თბილისში, ყოფილი ელბაქიძის (ახლანდელი მიხეილ ჯავახიშვილის) და საქანელას ქუჩაზე მრავალფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. ტერიტორიის მფლობელია შპს "სილქნეტი". მშენებლობას სილქროუდი იწყებს.

პროექტის მიხედვით, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ უკვე მოიწონა და დადებითი დასკვნაც გასცა, ქალაქის ერთერთ უძველეს ქუჩაზე, ულტრათანამედროვე შენობების აშენებით მალე კიდევ ერთ, რკინა-მინა-ბეტონის კონსტრუქციებიან უბანს მივიღებთ, რომელსაც, პროექტის მიხედვით, არაფერი ექნება საერთო ძველი თბილისის სტილსა და კოლორიტთან.

ისტორიულ უბანზე მშენებლობის ნებართვის გაცემამდე და არქიტექტურის სამსახურში პროექტის შეტანამდე, საჭიროა საკითხზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ გასცეს დადებითი დასკვნა. საბჭოს შემადგენლობაში 8 წევრია, აქედან ოთხმა პროექტი უარყოფითად შეაფასა. თანაბრად გაყოფილი ხმების მიუხედავად საბოლოო დასკვნა დადებითია.

საბჭოს ერთ-ერთი წევრი, რომელმაც ხმა მისცა პროექტს, საკრებულოს წევრის, სოზარ სუბარის საარჩევნო შტაბის უფროსი,რევაზ სოხაძეა.

მერიის მაღალჩინოსნებთან ერთად მშენებლობის ლობირებაში პროკურატურის ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელმძღვანელებიც მოიაზრება. კომპანიის მფლობელი გიორგი რამვილი ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა. ამჟამინდელი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ის რამდენიმე თვე, რაც პროკურორობიდან გადამდგარი იყო, სწორედ სილქნეტში დაასაქმეს და თვეში ათი ათას ლარიანი ხელფასიც დაუნიშნეს.

სილქროუდში აცხადებენ, რომ ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, ამ ტერიტორიის გამოსყიდვა თავის დროზე კომპანიას 20 მილიონი დაუჯდა, რაც შესაბამისად ბიზნესმა უკან უნდა ამოიღოს და მოგებაც ნახოს. ყველასთვის მისაღები და მოსაწონი ამ ადგილას მხოლოდ სკვერის გაშენება შეიძლება იყოს, რასაც ბიზნესი არასდროს გააკეთებს.

სანამ პოლიტიკური ფიგურები ბიზნესთან საქმეს ალაგებნენ და კანონებს სათავისოდ ირგებენ, ექსპერტები ნორმებსა და სტანდარტებზე საუბრობენ, რომელიც არქიტექტურის სამსახურში ისევ სათავისოდ აქვთ გამოყენებული.

აქტივისტების და სპეციალისტების აზრით, ერთადერთი გამოსავალი, რაც დღეს შეიძლება გაკეთდეს ამ ადგილის იერსახის შესანარჩუნებლად, მხოლოდ პროტესტი და საზოგადოების აქტიური ჩართულობაა, რომ მერიის მხირდან თუნდაც ამ თემის გადავადება მოხდეს ახლით ჩანაცვლებამდე.

არქიტექტურის სამსახურში პროექტის შეტანიდან მშენებლობის ნებართვის გაცემამდე არც ერთ ეტაპზე გლობალური ცვლილებები პროექტში მოსალოდნელი აღარ არის. მთავარი კონცეფცია უკვე მოწონებულია. რამდენად მოახერხა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ - ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში, ძველი უბნის და ისტორიული მემკვიდრეობის იერსახის დაცვა ამას საზოგადოება შეაფასებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი