საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედება შიდა ქართლში - შეიარაღებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიიდან კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.
60 წელს გადაცილებული მირიან თაზიაშვილი ადგილობრივი მაცხოვრებელია. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, უცნობია რა ვითარებაში გაიტაცეს კაცი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
მომხდარის შესახებ უკვე იციან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც.
შეგახსენებთ, რომ ამავე სოფლიდან გასულ წელს ოკუპანტებმა გენადი ბესტაევიც გაიტაცეს, რომელიც ერთ წელზე მეტია ცხინვალის დეფაქტო მთავრობის უკანონო ტყვეობაში იმყოფება.
აქვე - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ქვემო ჭალიდან ხუთი თვის წინ დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას ამ დრომდე არ ჩაუნიშნავს.