ბიძინა ივანიშვილის პარტნიორები -ანატოლი ბიკოვი, "როსიისკი კრედიტის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დუმის დეპუტატი და მკვლელობისთვის დაპატიმრებული

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის გარშემო 90-იანებში უამრავი მკვლელი და ბანდიტი ტრიალებდა. ერთ-ერთი უმთავრესი - ანატოლი ბიკოვი - ბანკ "როსიისკი კრედიტის" ვიცე-პრეზიდენტი.

„1992 წელს ბიძინა ივანიშვილმა კრასნოიარსკის გაჩერებული მეტალურგიული ქარხნის აქციები იყიდა. ვერავინ გაიგო, რისთვის დასჭირდა. მაგრამ მალე ზუსტად ამ ქარხნის გარშემო დაიწყო ალუმინის ომებად წოდებული ამბები. უამრავი ადამიანი დახოცეს, ციმბირშიცა და მოსკოვშიც. გარჩევების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო ანატოლი ბიკოვი, კრასნოიარსკის კრიმინალური სამყაროს მეფე.

ბიკოვი რამდენჯერმე დაიჭირეს, მაგრამ მოწმეები გაქრნენ, ხან გადათქვეს. ერთხელ სტრასბურგშიც კი იჩივლა და რუსეთის სახელმწიფოს უკანონო პატიმრობისთვის 1000 დოლარი მოუგო. კინაღამ იგივე მოხდა ამ წლის მაისში, როდესაც 90-იანების შეკვეთილი მკვლელობების გამო ისევ დაიჭირეს. ოქტომბრის ბოლოს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალეს, მაგრამ სანამ საკნიდან ჭიშკრამდე მივიდა, უკვე სხვა, ასევე ძველი მკვლელობისთვის დააკავეს და მეორე კარიდან შეაბრუნეს.

კრასნოიარსკის ბანდიტური სამყაროს ლიდერთან ივანიშვილის გზები 90-იანებში გადაიკვეთა. შეყრას ორი მიზეზი ჰქონდა - ოლქის უმდიდრესი რესურსების ჩაჯიბვა და გენერალ ალექსანდრე ლებედის გაყვანა გუბერნატორად.

ლებედის არჩევის შემდეგ მისი ადმინისტრაცია ივანიშვილის ხალხით გაივსო. მათგან ძალიან ბევრი სპეცსამსახურებიდან იყო.

1996 წელს, როდესაც ავადმყოფი და არაპოპულარული ელცინი მეორე ვადით იყრიდა კენჭს და კომუნისტ ზიუგანოვს უპირისპირდებოდა, მისმა შტაბმა არჩევნებში შემოიყვანა მესამე კანდიდატურა, რომელმაც ზიუგანოვს ორთოდოქსი კომუნისტებისა და დერჟიმორდა ნაციონალისტების ხმები წაართვა. 

ამისთვის იდეალური კანდიდატურა ლებედი იყო - ავღანეთის, ბაქოს, დნესტრისპირეთისა და 9 აპრილის თბილისის ჯალათი. საბოლოოდ ელცინმა მოიგო, გენერალი კი ჯერ უშიშროების საბჭოს მდივნად წაიყვანა, შემდეგ რუსეთის უდიდესი და უმდიდრესი მხარის, კრასნოიარსკის გუბერნატორად წარადგინა.

ადგილობრივი ბანდიტების თავკაცი, ანატოლი ბიკოვი, გუბერნატორის არჩევნებში უკვე ივანიშვილის ბანკის ვიცე-პრეზიდენტის როლში მონაწილეობდა. პარალელურად იყო კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნებისა და მომპოვებელი საწარმოების კონცერნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 

არადა, 90-იანების დასაწყისში ქალაქის ბაზრობაზე ფეხსაცმლით ვაჭრობდა, იქამდე კი სოფლის სკოლაში ფიზკულტურას მასწავლებლობდა.

„შეუძლებელია, ივანიშვილს არ სცოდნოდა ვინ იყო ბიკოვი. ვისაც კრასნოიარსკში ბიზნესი ჰქონდა, ყველამ ყველაფერი იცოდა. 90-იანებში ასეთი დონის ბიზნესი ყოველთვის კრიმინალთან იყო დაკავშირებული. კრასნოიარსკის კრიმინალურ სამყაროს მეთაური ბიკოვი ბანკის ვიცე-პრეზიდენტად ორი მიზეზით დანიშნა - საერთო ინტერესი ლებედის კანდიდატურასთან დაკავშირებით და ბიზნესი“

მცოდნე ხალხი ყვება, რომ ივანიშვილისა და ბიკოვის ტანდემი უაღრესად ეფექტური იყო. ერთ მხარეს პირდაპირი კავშირი კრემლთან და დიდი ფული. მეორე მხარეს - თავზეხელაღებული ბანდიტების არმია, რომელიც აკონტროლებდა ციმბირის დიდი ნაწილის ლეგალურ თუ არალეგალურ ბიზნესს. მოკლედ, გაერთიანდა ტვინი და კალაშნიკოვი

ლებედის ადმინისტრაცია ივანიშვილს მხოლოდ ჩინოვნიკებით არ გაუვსია. "როსიისკი კრედიტიდან" გადაიყვანა უფრო ადრე ელცინის დაცვის სამსახურში შექმნილი სპეცგანყოფილების ხალხი, ვინც ექსტრასენსორულ მოვლენებს, ასტროლოგიას, მაგიას, საიდუმლო ქვეყანა შამბალას იკვლევდა. 

ამ განყოფილების ორი თანამშრომელი, ანუ სამხრეებიანი ჯადოქარი, ვიქტორ ნოვიკოვი და კონსტანტინე უტოლინი, ივანიშვილმა ლებედს პირდაპირ ვიცე-გუბერნატორებად დაუნიშნა. 

ლებედი ჯადოს გარეშეც კერკეტი კაკალი იყო. გაგუბერნატორებიდან რამდენიმე თვეში ივანიშვილის ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან შავმა კატამ გაირბინა.

„ლებედმა ყველა გადააგდო. ბიკოვს დაპირდა მეტალურგიული კომპლექსის შექმნას და მერე თქვა, მოვატყუეო. მგონი ივანიშვილიც მოატყუა, იმიტომ რომ წელიწადნახევარში ბორის გრიგორიჩის გუნდმა დატოვა კრასნოიარსკი. ამის შემდეგ ივანიშვილმა იქაური აქტივები მალევე გაყიდა

კრასნოიარსკის ბანდიტური სამოთხის ნგრევა შიგნიდან გაგრძელდა. მოსკოვში ჩადენილი ორმაგი მკვლელობისთვის საბერძნეთში დააკავეს ქილერი, რომელმაც უმალ ყველაფერი დაფქვა

ივანიშვილის ვიცე-პრეზიდენტი ბიკოვი უნგრეთში დააკავეს და რუსეთს გადასცეს, მაგრამ საქმე ბოლომდე ვეღარ მიიყვანეს. როდესაც ციხიდან გამოსულს ჟურნალისტმა პირდაპირ ჰკითხა, რა კავშირი გაქვს შენი ძველი მეგობრების მკვლელობებთანო, ლამის აღიარა შეკვეთა.

კრასნოიარსკელები მას, ბანდიტის, რეკეტიორისა და მკვლელის გარდა, დიდ მეცენატად იცნობენ. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან შექმნილი აქვს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც, ყურადღება - მატერიალურად ეხმარება ადგილობრივ ინტელიგენციასა და სპორტის ვეტერანებს. აშენებს მართლმადიდებელ ტაძრებს, მეჩეთსა და სინაგოგას. ბოლო წლებში არის კრასნოიარსკის საქალაქო დუმის წევრი და რეგიონში ხელმძღვანელობს პარტიას, რომლის სახელი ალბათ რამე უფრო მშობლიურს გაგახსენებთ - რუსი პატრიოტები

რასაც ვერ მოერია ლებედი, მოერივნენ ბერეზოვსკი და მისი კომპანიონი პატარკაციშვილი. კრასნოიარსკის მხარეს სხვა პატრონები მიუჩინეს და მთელს იქაურ ბიზნესს მოუყარეს თავი. ვინც მოსაკლავი იყო, უმრავლესობა უკვე მიწაში იწვა. ვინც დასაჭერი იყო, დაიჭირეს. ივანიშვილი მიხვდა, რომ ახალი ეტაპი დგებოდა და როგორც ამბობენ, ნაწყენი არ დაუტოვებიათ.

კრასნოიარსკის ალუმინის ომიდან ივანიშვილი არა მხოლოდ ბევრი ფულით, არამედ ყველაზე ჭკვიანი კაცის სახელით გამოვიდა. საკმარისი იმისთვის, რომ დაეწყო მომზადება ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კონტრაქტისთვის - გარიგებისთვის ეშმასთან. მაგრამ გუშინდელი არჩევნებით მის აქციათა პაკეტი იმდენად გაუფასურდა, რომ ჭკვიანი კაცი აქამდეც მიხვდებოდა - კაი ხანია, წაგებაზე მუშაობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი