თბილისში 42 წლის ქალი სკვერში გარდაცვლილი იპოვეს. ხალხმრავალ ადგილას შემთხვევით შეამჩნია გამვლელმა და სასწრაფო გამოიძახა, თუმცა ქალის შველა უკვე შეუძლებელი იყო.
როგორც გავარკვიეთ ამ ადამიანს ჰყავს ოჯახი. დედა, რომელმაც სახლი გაუყიდა, ჰყავდა მეუღლე, რომელიც მასზე წლების განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა.
მოძალადეს თავი დააღწია, თუმცა დახმარების ხელი არავინ გამოუწოდა და წლების მანძილზე თბილისის სხვადასხვა უბანში, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა. ღამეებს სკვერებში ათევდა. ბოლო რამდენიმე თვე კი ბელიაშვილის ქუჩაზე, დიდუბის რაიონის გამგეობის მოპირდაპირე მხარეს, ერთ-ერთ სკამზე ეძინა.
გამგეობა მის არსებობას არც კი იმჩნევდა. ყველამ ზურგი აქცია და სიღატაკეში მცხოვრებმა ადამიანმა სავარაუდოდ სიცივეს ვეღარ გაუძლო თუმცა თბილისი მერისთვის უსახლკაროები არ არსებობენ.
გარშემო ადამიანები უსახლკარობის გამო იყინებიან და შიმშილით იხოცებიან. მათ გადასარჩენად კი სახელმწიფო ხელსაც არ ანძრევს. უფრო მეტიც, სოციალური პასუხისმგებლობის აღებასაც კი გაურბის.
თბილისში არსებობს ლილოს მიუსაფართა მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც დღეს 93 ბენეფიციარი ცხოვრობს, ეს დაწესებულება 240 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა წლიდან წლამდე უსახლკაროები მაინც შიმშილისგან ქუჩაში იყინებიან. პრობლემა კვალავაც გადაუჭრელად რჩება-რატო ვერ ახერხებს სახელმწიფო მუნიციპალური თავშესაფრის სრულად დატვირთვას.
უსახლკაროდ მყოფი ადამიანების მთავარ პრობლემად კვლავინდებურად რჩება მათი აღრიცხვის საკითხი, მაგალითად იმ უბნებში სადაც ისინი მთელ დღეს და ღამეს ატარებენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა არც იციან მათი არსებობის შესახებ.
წლიდან წლამდე ამ ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებელი მზარდია და როგორც წესი ის გვიანი შემოდგომის პერიოდში იწყება, როცა საქართველოში ამინდი რადიკალურად უარესდება.
ბოლო წლების მანძილზე სოლიდარულ ტრადიციად დამკვიდრდა სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლების მიერ ტაძრების კარის გაღება და ამ ადამიანების თბილი პლედებითა და საჭმლით დაპურება.
პრობლემის გადაჭრაში ხელისუფლებასთან ერთად არც საზოგადოებაა ერთიანი და მოქალაქეები ხშირად ამ ადამიანებს როგორც ქუჩის შემადგენელ ნაწილს ისე აღიქვამენ. წინ მძიმე ზამთარია, კოვიდ ეპიდემია კი ამ ადამიანების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.