მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრთა ნაკადს ვერ აუდის. დილიდან განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. სამსახურში წასასვლელად მგზავრებს რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ. სამარშრუტო ტაქსების აკრძალვამ ტრანსპორტში ვირუსის გავრცელების საფრთხე შემცირების ნაცვლად კიდევ უფრო გაზარდა.
მგზავრები ერთმანეთთან დისტანციას ვერ იცავენ და ეშინიათ, რომ მჭიდრო კავშირში ვირუსის გავრცელების საფრთხე კიდევ უფრო მაღალია.
ქაოსია როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ტრანსპორტში. მეტროთი სარგებლობა დღეს ათასობით ადამიანს მოუწია. მაშინ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ არის, რიგი კომპანიები ამ დრომდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილს სამსახურში სიარული და ქალაქში გადაადგილება ამ დრომდე უწევს.
თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილი მიკროავტობუსების აკრძალვას არასწორ ნაბიჯს უწოდებს და ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.
მთავრობამ რომ გადაწყვეტილება ფორსმაჟორულად, რისკების გათვლის გარეშე მიიღო, ამაზე ექსპერტებიც საუბრობენ. „ჰაბ ჯორჯიას“ დირექტორი ამბობს, რომ ავტობუსების რაოდენობის ზრდის გარეშე მიკრო ავტობუსების აკრძალვა მძიმე შედეგებს მოიტანს.
მაშინ, როდესაც თბილისი სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე დგას, 1200 მიკროავტობუსი სადგომზეა გაჩერებული. ამ დრომდე არ გარკვეულა უმუშევრად დარჩენილი ათასობით მძღოლის ბედი, რომლებიც სახელმწიფომ სახლში გაუშვა და ამ დრომდე ვერ ეუბნებიან, აუნაზღაურდებათ თუ არა განაცდური. თბილისის მერმა დღეს მხოლოდ ის თქვა, რომ ამ დროისთვის კომპანიასთან მოლაპარაკებების ეტაპზე არიან და როდის აუნაზღაურდებათ მძღოლებს ხელფასი არ იცის.
„კოვიდ 19“–ის გავრცელების მომატებული საფრთხის გამო მთავრობა ყოველდღიურად ახალ შეზღუდვებს აწესებს. თუმცა ავიწყდება ათასობით მოქალაქე, რომელსაც დედაქალაქში გადაადგილება ამ დრომდე აქტიურად უწევს.