ასაკოვანი კაცი გორის ცენტრალურ - სტალინის - გამზირზე ისე გარდაიცვალა, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე მისვლაც ვერ შეძლო.
გარდაცვლილი 65 წლამდე ასაკის კაცია, ის "ლიბერთი ბანკში" მძღოლად მუშაობდა. ქუჩაში ცუდად გახდომისთანავე თვითმხილველებმა სასწრაფო გამოიძახეს - ექიმები ადგილზე 1 საათის დაგვიანებით მივიდნენ, რა დროსაც კაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
"ადამიანი გადავარდა, მოკვდა. ეს რას უკავშირდება, კარგად ვიცით - რომ გვყავს ძალიან კარგად გამართული ჯანდაცვის სამინისტრო. სასწრაფო გორში საათები აღარ, დღეები აგვიანებს", - ამბობს თვითმხილველი.
დაგვიანებით მისული გადაუდებელი დახმარების ჯგუფი კი ამბობს, რომ "სასწრაფო გადატვირთულია და ეს არ არის ახალი ამბავი".
ამ დროისთვის გორსა და გარშემო არსებულ სოფლებს სასწრაფო დახმარების სულ 3 ჯგუფი ემსახურება. ოპოზიციის შეფასებით, ეს ჯანდაცვის კოლაფსია და გარდაცვლილებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.