19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების გამო ოჯახი, პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს. გარდაცვლილის მამა "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ მშობლები გოგონას კლინიკაში გადაყვანას, რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ელოდებოდნენ.
უყურადღებობა იყო და დაგვიანება, ხუთი დღის განმავლობაში უშედეგოდ ველოდებოდით ბავშვის გადაყვანას კლინიკაში, ზოგი იძახის, რომ ჩვენ დაგვაგვიანდა, ეს ასე არ არის... კოვიდსასტუმროში რა უნდოდა, როცა ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო? თვითონ თეკლაც ელაპარაკა ოჯახის ექიმს და პასუხი ასეთი იყო, რომ ახლა გიორგობაა, ვისვენებთ და მოგვიანებით დაგცვიკავშირდიო, - ამბობს თეკლა თორდიას მამა.
შეგახსენებთ, 19 წლის თეკლა თორდია გერმანულ ჰოსპიტალში, 30 ნოემბერს გარდაიცვალა. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს უკვე კრიტიკულად მძიმე იყო.
სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და ჯანდაცვის მინისტრი ცდილობს ექიმებზე გადაიტანოს ისრები, ამ დროს კი ჰჯანდაცვის მინისტრი არის ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი ქვეყანაში, - ამბობს ლევან ანთაძე, ექიმი.
ამაშია საქმე, გვაგვიანდება დიაგნოზის დასმა, გვაგვიანდება გადაყვანა და როცა გამოდის მინისტრი და ამბობს, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ის ვერ აკონტროლებს ვითარებას, - ამბობს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე.
თეკლა თორდიას გარდაცვალების საკითხი დღეს, 2 დეკემბერს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაწყებულია მოკვლევა, რომელსაც მისივე თქმით, თავად გაუწევს მონიტორინგს და პასუხი გაეცენმა ყველა კითხვას გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ცნობილი გახდა, რომ დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება.
ასევე შეგახსენებთ, რომ მანამდე ეკატერინე ტიკარაძე უარყოფდა, რომ გოგონას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, მისი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გამხდარიყო.