ქრისტეფორე წამალაიძის შვილი, მეუფე იერემია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
ორივე მათგანი ბერძნული ეკლესიის წარმომადგენელია.
გარდაცვლილის მამა, მარგვეთისა და უბისის ყოფილი ეპისკოპოსი ამბობს, რომ მისი ოჯახის მიმართ წლებია მუქარები გრძელდება, თუმცა შვილის მოულოდნელ სიკვდილთან ამის დაკავშირება უჭირს.
სასულიერო პირი, რომელმაც ბოლო ორი დღის განმავლობაში წმინდა სინოდის წევრები გარყვნილ ქმედებებში ამხილა, ამბობს რომ მეუფე იერემიას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და გუშინ შვილთან ერთად წირვაც ჩაატარა:
"დილით 7-ის ნახევარი იყო თუ 6-ის ნახევარზე ტუალეტში რომ გამოვიდა ჩაიკეცა და სანამ მოვიდოდა სასწრაფო გარდაიცვალა. ჩვენს წინააღმდეგ დიდი ხანია ბრძოლა დაწყებულია და ეკლესიის მსახურები და სინოდის წევრები არ ისვენებენ...ჩვენ გვემუქრება მხოლოდ და მხოლოდ ეკლესია და სინოდის წევრები, იმათ უკან ვინა დგას ეგ უკვე არ ვიცი" განუცხადა "მთავარს" მეუფე ქრისტეფორემ.
მეუფე იერემიას მოულოდნელ გარდაცვალებაზე საუბარი უჭირს მის მრევლს და ახლობლებს. ისინი ამბობენ, რომ მეუფე იერემიაც და მეუფე ქრისტეფორეც ქართული ეკლესიის მხრიდან წლების განმავლობაში დიდი დარტყმის ქვეშ იყვნენ.
"ოჯახს ემუქრებოდნენ, მის ცოლს ხელი აქვს გადაჭრილი იმიტომ, რომ ქრისეტეფორე ეგონათ ოთახში რომ შეუვარდნენ, მანქანა აუფეთქეს და უამრავი ზეპირი მუქარებიც. მამამისზე რომ ეგეთი ამბავია შვილზე არ მოქმედებს?... ხმალამოღებული ებრძოდა ეკლესიაში მამათმავლობას. ეს არის მათთან ბრძოლის პირველი და განსაკუთრებული მიზეზი - ამბობს ქრისტეფორე წამალაძისი მრევლი ნინო ირემაშვილი.
მეუფე იერემიას სახლში, სამძიმარზე იმყოფებოდა მოლდოვეთის ეკლესიის წარმომადგენელი მეუფე მიქაელი. ის ამბობს, რომ მეუფე ქრისტეფორე საქართველოს ეკლესიაში მოქმედი რეჟიმის მსხვერპლია, რომელიც იმ დროსაც მოქმედებდა, როცა ქრისტეფორე ქართული ეკლესიიდან განკვეთეს და მოქმედებს ახლაც. ის ქრისტეფორე წამალაიძეზე განხორციელებულ მუქარებზე საუბრობს, თუმცა ვისგან მოდიოდა კონკრეტულად ეს მუქარები, ვინაობის დასახელებისაგან თავს იკავებს.
"პირად საუბრებში ბევრ საკითხებზე გვისაუბრია, მის დევნაზე, მის შევიწროებაზე საქართველოს ეკლესიიდან ოჯახის მიმართა" - ამბობს მეუფე მიქაელი.
ქრისტეფორე წამალაიძე წმინდა სინოდმა 90-იან წლებში განაყენა და ეპარქიაც ჩამოართვა. მას შემდეგ ის და მისი შვილიც - მეუფე იერემია ბერძნულ ეკლესიაში მოღვაწეობდნენ.