"ნახევრად მშიერი დავდივარ, ერთი პური ორ კაცს როგორ ეყოფა, სოციალური დახმრებით კომუნალურებს ვიხდი, პენსიით წამლებს ვყიდულობ...", - ამბობს პენსიონერი ქალი, რომელიც უპოვართა სასადილოს ბენეფიციარიცაა.
ათასობით ადამიანის დილა ასე იწყება, ცარიელ ქილებს ალაგებენ პარკში და უახლოეს უფასო სასადილომდე მიდიან, სადაც ნახევარ პურსა და წვნიანს ახვედრებენ. წვნიანი ჰქვია, თუმცა ამბობენ, რომ შინ დაბრუნებულები ამ საკვებს გემოს მისაცემად მეზობლების ნაწყალობევ ბოსტნეულს ან საკმაზებს ამატებენ. სხვა გზა არა აქვთ, სოციალური დახმარება საკვებზე, წამლებსა და გადასახადებზე არ ყოფნით. ისინი, ვინც სასადილომდე გზას საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადიოდა, პანმდემიამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო - გამოცხადებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო საკვების მისაღებად ახლა ფეხით დადიან.
ფეხით დავდივართ, რა ვქნათ, ადრე ტრანსპორტით დავდიოდი, საკვები არ მყოფნის, მაგრამ რა გავაკეთო, კიდევ რაღაცეების დამატება რომ უნდა და კიდევ ერთი ქალია, რომ კრიზისია ქვეყანაში ამ პანდემიაში ეს აღარ არის საკმარისი, ზოგჯერ თვითონ სასადილოს მზარეულები რომ ეხმარებინა.
ამ ადამიანებმა ჯერ არ იციან, რომ მომავალი წლიდან მათი საკვები კიდევ უფრო მცირე და უგემური გახდება. დედაქალაქის მერმა გადაწყვიტა, რომ გაუფასურებული ლარისა და გაძვირებული პროდუქტების პირობებში სოციალურად დაუცველები დღეში 90 თეთრად კვებოს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. 1 ბენეფიციარისთვის დღეში ერთი ლარი და 30 თეთრია გამოყოფილი.
ამ თანხაში შედის კომუნალური და საკვების სასადილომდე ტრანსპორტირების ხარჯებიც. მეწარმე სერგო ჯავახაძე, რომელიც ამავე სფეროში მუშაობს, ამბობს,რომ ხალხი,, უბრალოდ დაიხოცება.
მოუწევს კალაძეს მიცვალებულების ქუჩიდან აკრეფა, კვების ფასი დღეში, მინიმუმ ორი ლარი უნდა იყოს - ამბობს სერგი ჯავახაძე
ჯავახაძე იმასაც ამბობს, რომ ამ ტენდერში , რომელიც ხალხის არა კვებას, დამშევას უფრო უზრუნველყოფს, სატენდერო პირობებიც კი ერთ პირზეა მორგებული, კომპანია "ილსა" და მის მფლობელზე, რომელიც ბოლო რვა წელია, უფასო სასადილოებში ბენეფიციარებისა და ბაგა ბაღებში აღსაზრდელების კვებისთვის გამოცხადებულ ყველა სახელმწიფო ტენდერს იგებს.
კომპანია ილის მთავარი მეწილე ლაშა უღრელიძეა, ის "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირი და პარტიის შემომწირველია, წინასაარჩევნოდ "ქართულ ოცნებას" 50 ათასი ლარი შესწირა, სალომე ზურაბიშვილს კი 60 ათასი. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ ლაშა უღრელიძე 2021 წლისთვის გამოცხადებულ ამ ტენდერშიც უკონკურენტოა, რადგან ყველა პირობა მის კომპანიაზეა მორგებული. უკვე წლებია, ხელსუფლებასთან დაახლოებული უღრელიძე ამ ტენდერებით მილიონობით ლარს შოულობს, მოხუცებსა და გაჭირვებულებს კი ნახევარი პურითა და ბარდის სუპით კვებავს.
კალაძე კი უხერხულობას არ გრძნობს. საზეიმოდ გამოწყობილი ქალაქის და გაჭირვებული ხალხის მერი გვიზუსტებს, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს კვებაზე არა 90 თეთრი არამედ 1.30 ლარია გამოყოფილი, ეს მხოლოდ პროდუქტების ფულია, თუ საჭიროდ ჩათვლის ამ თანხას გაზრდის კიდეც - თუმცა, როგორც ჩანს ამ დრომდე საჭიროდ არ ჩაუთვლია.
როგორ უნდა დარწმუნდეს კალაძე, რომ ხალხს 90 თეთრი ან თუნდაც 1.30 ლარი დღიურ საკვებად არ ჰყოფნის, როცა მმართველი გუნდის ყველა წევრი მათივე ფავორიტი პრეზიდენტის მსგავსად, სიტყვით ხალხთანაა, მაგრამ ისე, მაინც უფრო ზემოთ? ან რა იქნება უკეთ დარწმუნებისთვის კიდევ საჭირო, როცა მშიერი და უსახლკარო ადამიანები ქუჩაში უკვე იყინებიან?....
ის ხალხი, ვინც ხვალაც ფეხით მივა უფასო სასადილოში ნახევარი პურისა და წვნიანის მისაღებად, ქალაქის მერსა და ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ამ ქალაქში, დიდი ხანია, ახალი წელი მათთვის არ მოდის...