ოლიმპიურ სასახლესთან 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირისთვის საკალათბურთო დარბაზი შენდება.
თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის ვებგვერდზე დარეგისტრირდა მოთხოვნა მიმდებარე ნაკვეთზეც, რომლის მეპატრონეც აქ მრავალსართულიანი შენობის აგებას აპირებს.
კალათბურთის დარბაზს სახელმწიფო კომპანია, სპორტმშენსერვისის დაკვეთით, კერძო კომპანია "საბა ქონსთრაქშენი" ააშენებს, მაგრამ ამ მიწის ნაკვეთზე უკვე სხვა კომპანიები გამოჩნდა.
თბილისის მერიამ დარბაზის მშენებლობის დაწყებამდე სპორტის სასახლის ტერიტორიას ნაწილი ჩამოაჭრა, მის გვერდით მერიის საკუთრებაში არსებული 3000 კვადრატული მეტრი დაუმატა და მთლიანად 5001 კვადრატული მეტრი ორ კერძო კომპანიას - შპს "ნინასა" და შპს "სუბიექტს" გადასცა...
საინტერესოა სქემა, რომლითაც ეს კონკრეტული ნაკვეთები მათ ხელში აღმოჩნდა - ყველაფერი ჯერ კიდევ წინა მერის, დავით ნარმანიას პერიოდში დაიწყო, როდესაც მან აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ვერეს ხეობის მიწები, რომლებიც უშუალოდ 13 ივნისის წყალდიდობის ზონაში მდებარეობდა და რომლებზეც წესით მშენებლობა უკვე დაუშვებელი იყო.
მაგრამ ნარმანიამ ეს მიწები მაინც გაყიდა, მისმა მემკვიდრემ კი ამ ნაკვეთების სანაცვლოდ კახურ კლანს კიდევ უფრო კარგი ნაკვეთები მისცა.
შპს ნინას მფლობელები ქეთევან არბოლიშვილი და თამარ ჯავახიშვილი არიან, ხოლო შპს სუბიექტის მფლობელი ეკატერინე ჯავახიშვილი. ქეთევან არბოლიშვილმა კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა:
მიწის მფლობელი კომპანიების მესაკუთრეები სხვა კომპანიებში წილებს არ ფლობენ, მაგრამ აღმოვაჩინეთ სხვა საინტერესო კავშირი. როგორც კი აუქციონზე შპს ნინამ მიწის ნაკვეთი შეიძინა, იპოთეკით დატვირთვა პარტნიორთა კრებაზე გადაწყვიტა. კრების ოქმის მიხედვით შეთანხმება ბანკსა და ზურაბ ფეიქრიშვილს შორის შედგა.
ზურაბ ფეიქრიშვილი კომპანია "სერპანტინის" დირექტორია, ეს კომპანია კი "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ბოლო კვლევის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის, თამარ ჯანყარაშვილის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინის” დირექტორია.
ამ კომპანიას დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში.
“სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან კვლევის გამოქვეყნების დღემდე, 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. კვლევის მიხედვით, ზედელაშვილი მოიაზრება ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად.
მშენებარე სტადიონთან მიწის ნაკვეთის შემძენი კომპანიის მეორე მეწილე თამარ ჯავახიშვილი კი სერპანტინის მეორე დამფუძნებლის, ნუგზარ ხუცაიძის მეუღლეა.
ჯანყარაშვილ-ზედელაშვილებთან დაკავშირებულმა კომპანიამ ახლადშეძენილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციური ზონის შეცვლა მოითხოვა და მიიღეს სარეკერეაციოს ნაცვლად, სპეციალური ზონა 1-ად, რაც მას ნიშნავს, რომ გამწვანების ნაცვლად მათ აქ მაღალსართულიანი შენობის ჩადგმა შეუძლიათ.
ამ მიწაზე 64 მეტრიანი შენობის აშენების უფლება ეგრეთ წოდებულ "კახურ კლანთან" დოკუმენტურად დაკავშირებულმა კომპანიებმა უკვე მიიღეს და შემდეგი ნაბიჯი კონკრეტული სამშენებლო პროექტის წარდგენა იქნება.