ჩამორეცხილი გელათი - როგორ ნადგურდება საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური სიძლიერისა და განათლების სიმბოლო

გამოქვეყნდა:

გელათის ცინკის სახურავში ბოლო ლურსმნებს აჭედებენ. ინტერიერში კლიმატის კონტროლის მოწყობილობას ამონტაჟებენ.

ქვეყანამ, რომელსაც სწამს, რომ ღვთისმშობლის კალთა იფარავს, თავად ის კალთები ვერ დაიფარა და რამდენი თვე ზედ წვიმა ადინა.

განგაშის ზარებს მარტში ჯერ აქტივისტებმა და შემდეგ მედიამ შემოკრა. როდესაც გაირკვა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სახურავის 4 წლიანმა დასრულებულმა რეაბილიტაციამ პირველივე ზამთარს ვერ გაუძლო და გელათმა კრამიტები აყარა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ თავის მართლება დაიწყო და პრობლემა, რომელსაც „მცირეოდენი ხარვეზი“ უწოდა, შემსრულებელს გადააბრალა, შემსრულებელმა- ქვეკონტრაქტორს...

დროებითის დროებითი გადახურვა ზამთრის დადგომამდე დროებითით უნდა შეცვლილიყო. და, აი, 24 ნოემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა და სააგენტომ სამუშაოები დასრულებულად გამოაცხადეს...

ექსპერტებს არასწორი მეთოდოლოგიის არგუმენტად მოჰყვათ წმინდა გიორგის ეკლესია. გელათის მთავარი ტაძრის ჩრდილქვეშ მის  ზუსტ მომცრო ასლს ნაკლებ ყურადღებას ხვდება, მაგრამ პრობლემა არანაკლები აქვს.

წმინდა გიორგის ეკლესიაზე სააგენტო ასევე ორ მიზეზს ასახელებს - სამხრეთ კედელზე გახსნილი ქვის ნაკერი მათ დროებითი საიზოლაციო ხსნარით უკვე ამოავსეს, მაგრამ წყალი ინტერიერში მაინც შედიოდა. მეორე მიზეზად წყალშემკრების არარსებობა დაასახელეს. წვიმა სახურავიდან კედელზე დაედინება და  ცოკოლიდან კედელი იჟღინთება. სახურავი კედლის პირზე მთავრდება და მას ჟოლობი არ აქვს.

ოპონენტებს ამ განმარტების არ სჯერათ. ცოკოლიდან შემავალი წყალი კედელს შიგნიდან მხოლოდ ქვემოთ უნდა ასველებდეს.

წმინდა გიორგი სახურავსაც რომ პრობლემა აქვს, ამაზე სააგენტოს იკომოს საქართველოც მიუთითებს და მის დროებითი გადახურვას ურჩევს. სააგენტო  გადახურვას არ აპირებს. მიაჩნია, რომ ჟოლობიც ეყოფა.

სად არიან გელათისათვის ბრძოლაში მისი „მაკურთხებლები“ - ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა გვითხრა, ძაან კაი კლიმატია გელათშიო...

პარადოქსია, როგორ მიყუჩდნენ კულტურული მემკვიდრეობის ქომაგები. ბაგრატის სახურავით შეწუხებულები, ნამეტანი ლაჟვარდისფერიაო. „ლიფტიო?!“ - ერთხელ რომ აღშფოთდნენ, ახლა კი მშვიდად ცხოვრობენ იმ კაცის ქვეყანაში თავიდან ლიფტიორებს ბანკის მენეჯერებად რომ ნიშნავდა და ახლა მათ მთლად ქვეყანა ჩააბარა. 

თბილისი ახალ წელს ამჯერადაც მილანურ ტრენდზე შეხვდება, ქუთაისი ელიავას ტრენდით, მაგრამ ცოტა რომ დავფიქრდეთ, ეს ისტორიული კანონზომიერებაა. 

გელათი ყველა დროში იყო არამხოლოდ კულტურული და სულიერი სიწმინდე, ის საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური სიძლიერისა და განათლების სიმბოლო იყო და ზუსტად ისეთი, როგორი ძლიერიც არის დღეს ეს ქვეყანა პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ განათლების დონით...

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი