გაზრდილი კრიმინალი და დაუცველი მოსახლეობა შიდა ქართლში - კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქურდობის ფაქტები ყოველდღიურად ხშირდება. დანაშაული, ძირითად შემთხვევაში, კომენდანტის საათის დროს ხდება.
დოესი, სასირეთი... - არასრული ჩამონათვალია იმ სოფლების, სადაც ბოლო დროს კრიმინოგენული მდგომარეობა გაუარესდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კომენდანტის საათის დროს ტეხავენ მაღაზიებს, აფთიაქებს და სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს.
"ამის შემდეგ უფრო ბევრი იქნება, უჭირს ხალხს და იმიტომ. ეხლა ცოტა რაღაცა შემოსავალი აქვთ და იანვრის მერე შიმშილობა დაიწყება ყველგან, განა მარტო ამ სოფელში", - ამბობს ერთერთი ადგილობრივი.
მოსახლეობა ამბობს, რომ შემთხვევების გახშირება მძიმე სოციალურ ფონს უკავშირდება და ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
"სამუშაოები რომ არ არის, დგანან და იპარავენ. დახმარებასაც არ აძლევენ, არც პენსიონრები არიან, ახალგაზრდები არიან. იქურდებენ, აბა რას იზამენ", - ამბობს ადგილობრივი.
კასპის მსგავსად, კრიმინოგენული მდგომარეობა რეგიონის სხვა მუციპილიტეტებშიც მძიმეა. მოსახლეობა ამბობს, რომ ქურდობის შემთხვევები ასეთი სიხშირით 90-იანი წლების შემდეგ არ ახსოვთ.