აკრძალვის მიუხედავად დღეს მარნეულში ქელეხის სუფრა მაინც გაიშალა, თუმცა ადგილზე პატრული მივიდა და გაშლილი მაგიდების ალაგება მოუწიათ.
სამართალდამცველების გამოჩენას ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ სუფრის ალაგება მოსთხოვა.
ქელეხისა და ქორწილების გადახდა საქართველოს მთავრობის 181-ე დადგენილებით იკრძალება. ის ძალაშია ვიდრე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. დადგენილების მე-5 მუხლის მიხედვით აკრძალულია საჯარო სივრცეში ათ პირზე მეტი ადამიანის თავშეყრა.
დადგენილება უკვე ძალაშია. შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი შსს-ს, ფინანსთა, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს დაევალა.
სამეგრელოში ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთებული კონტროლს აწესებს და ამბობს რომ მუნიციპალიტეტი ყველა სოფელში გააკონტროლებს, რომ ხალხი აკრძალვებს დაემორჩილოს და არც ქელეხი და არც ქორწილი არ გადაიხადონ.
ქელეხების აკრძალვაზე მკაცრ კონტროლს აწესებენ კახეთში, თელავის მერიამ მოხალისეთა ჯგუფები შექმნა, რომლებიც საბანკეტო დარბაზებს შეამოწმებენ, რომ იქ სუფრა არ გაიშალოს.
საბანკეტო დარბაზები პრაქტიკულად მთელს საქართველოში დაიკეტა. მფლობელები ამბობენ რომ აკრძალვებს დაემორჩილებიან და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მუშაობას არ განაახლებენ.