თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანები - ისტორიები აფრიკის ღარიბი დასახლებიდან

გამოქვეყნდა:

რამდენიც არ უნდა ამტკიცოს დედაქალაქის მერმა ახლა უკვე  მიწასთან გასწორებულ სახლებში არავინ ცხოვრობდაო, ფაქტები სხვაზე მეტყველებს. შენობები, რომელიც უკვე აღარ არსებობს, უკანონოდ იყო აშენებული, თუმცა გაჭირვებულ ხალხს სხვა გზა არ ჰქონდა. 

სიცივეში გარეთ გაყინვას კანონის დარღვევა არჩიეს და საკუთრი ხელით პატარა ნაგებობები ააშენეს. სახლში ბევრი არაფერი ჰქონდათ, რამდნიმე ნაჩუქარი ნივთი, რომლის გამოტანის საშუალებაც კი არ მისცეს. 

ცივ ზამთარში, პანდემიის დროს ხალხის ქუჩაში გაყრა როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა. თბილისის მერი დღეს ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანების ნაწილს, რომლებსაც სახლები დაუნგრიეს, სხვა ბევრი საკუთრება აქვთ, თბილისშიც და რეგიონებშიც. 

უსახლკაროდ დარჩენილები და სახლების დანგრევის მოლოდინში მყოფები დღეს სამგორის გამგეობასთან შეიკრიბნენ. პასუხს ითხოვდნენ - როგორ და სად უნდა გააგრძელონ ცხოვრება მცირეწლოვან შვილებთან ერთად. გამგებელმა დემონტაჟი მე არ მეხება, მაგრამ რამდენიმე ადამიანს დაგელაპარაკებითო და კაბინეტში შეიყვანა. 

შეხვედრიდან გამოსულებმა თქვეს, დეტალებზე არ გვისაუბრია, გამგებელი დაგვპირდა კანონის ფარგლებში ყველას დაგეხმარებითო, მაგრამ ამ სიტყვების აღარავის სჯერა. 

2006 წლიდან ასობით მოქალაქე  პატარა ნაკვეთების დარეგისტრირებას ელოდება. ყველა უწყებაში იყვნენ, ყველა შეაწუხეს, პასუხი ერთი და იგივე - თქვენი საქმე განხილვაშია.

ამ ტერიტორიაზე არსებული თითქმის ყველა სახლი დაუკანონებელია. ზოგმა 10-15, ზოგმა 1 წლის წინ ააშენა 4 კედელი, რომ წვიმაში გარეთ არ ყოფილიყვნენ, რომ სიცივეში ფიცრებით გადახურულ ცივ კედლებში მაინც ჰქონოდათ ღამის გასათევი. ახლა არ იციან ხვალ რა მოხდება, იქნებ ბოლოჯერ სძინავთ სიმწრით აშენებულ პატარა სახლში?!

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი