მარნეულის საველე ჰოსპიტალი ნელ-ნელა ივსება. დილიდან კატასტროფის ცენტრის გარდა, აქ პაციენტები თვითდინებით მიდიან. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებსაც მაღალი სიცხე აქვთ. ახლა ისინი რიგში დგანან და სამედიცინო შემოწმებაზე შეყვანას ელიან. ყველა პაციენტი კარვებში განთავსებულ სამედიცინო ცენტრში 24 საათს დარჩება, მათ ექიმები დააკვირდებიან, გენეტიკურ მასალას კი შემოწმებაზე ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნიან, ვისაც კოვიდ-19 დაუდგინდება, შემდეგ უკვე თბილისში გადმოიყვანენ.
რიგში მდგომი მოქალაქეების ნაწილი უყურადღებობაზე საუბრობს. მათი თქმით, საჭირო სამედიცინო დახმარებას დროულად ვერ იღებენ.
"ჩემ დას მაღალი სიცხე აქვს 2 დღეა. გუშინ ავერსში მივედით არ იქ მიგვიღეს არც ჯეოჰოსპიტალში ორივეში კარანტინია გამოცხადებული. მოვიყვანე აქ ანალიზები აუღეს და გვითხრეს დღეს მოგვეყვანა კიდევ. მოვედით დილიდან აქ ვდგავართ გოგოს კიდევ სიცხე აქვს და გული ერევა. არავინ მოგვხედა არც ანალიზის პასუხებია ცნობილი. ნორმალურ ყურადღებას არ გვაქცევენ დაელოდე რიგსო. როდემდე აბა?"-ამბობს ადგილობრივი.
მოქალაქეების ნაწილი საველე ჰოსპიტლებში პრევენციული შემოწმების მიზნითაც მიდის. ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს,რომ მას სიმპტომები არ აქვს, თუმცა აზერბაიჯანიდან შემოვიდა და შემოწმებაზე სამსახურეობრივი რეკომენდაცია მიიღო.
"არანაირი ჩივილი არ მაწუხებს.უბრალოდ მოვედი რომ აქ შემოწმება გავიარო. აზერბაიჯანში ვიმყოფებოდი და 5 დღის წინ ჩამოვედი. ფოთში ტერმინალში ვმუშაობ იქ მითხრეს რომ წადი შემოწმება გაიარე და საბუთი მოიტანე რომ არაფერი გჭირს. ამის გამო ვარ მოსული და ჩემს რიგს ველოდები,"- ამბობს ის.