ხურვალელ დათა პაპას ფილტვების ანთება აქვს - 88 წლის მოხუცის სადაგი დღეები საოკუპაციო ზოლზე

გამოქვეყნდა:

ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები, 88 წლის დათა ვანიშვილს, იგივე დათა პაპას, რომელიც არამარტო საქართველოშია ცნობილი, მძიმე დღეები უდგას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს გაუარესდა და, ბოლო ინფორმაციით, დათა პაპას ორივე ფილტვის ანთება აქვს.

მოხუცი ცოლ-ქმარი ხურვალეთში, ბობნევის უბანში, სწორედ იმ ადგილას ცხოვრობს, სადაც რუსმა ოკუპანტებმა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი მავთულხლართებით მათი ეზო ორად გაჰყვეს და სახლი, სადაც ვანიშვილები ცხოვრობენ, მავთულხლართებს მიღმა მოაქციეს. 

დათა პაპას ქალიშვილი აქვე, ახლომდებარე სოფელშია გათხოვილი და მამა-შვილი ერთმანეთს, ძირითადად, მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს ჩამომსხდარნი ხვდებიან და ესაუბრებიან. ცხადია, ზამთრის პირობებში შეხვედრა უფრო ძნელია და ზოგჯერ წელიწადის ეს დრო ისე გადის, ერთმანეთთან შეხვედრას მხოლოდ საახალწლოდ თუ მოახერხებენ. ნანა ვანიშვილს, მართალია, მშობლებთან შეპარვა შეუძლია, მაგრამ ამით საფრთხეში ჩაიგდებს თავის თავს, რადგანაც რუსი ე.წ. მესაზღვრეები მას ცხინვალში გადაიყვანენ, ხოლო დათა ვანიშვილს დამატებითი პრობლემები მხოლოდ ახალ სანერვიულოს გაუჩენს. 

დათა ვანიშვილს სამოქალაქო აქტივისტები და ის მოქალაქეები ეხმარებიან ხოლმე, რომლებიც მის ამბებს მედიიდან და სოციალური ქსლებიდან იგებენ. ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც, თავის თანამოაზრეებთან ერთად, 2017 წლის ივლისიდან ატარებს სადღეღამისო სამოქალაქო პატრულირებას შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლის სოფლებში, რეგულარად სტუმრობს დათა პაპას და მას ხან პროდუქტებს, ხან საჭირო მედიკამენტებს აწვდის. ბობნევის ხშირი სტუმრები არიან ასევე, მოძრაობა "სირცხვილიას" და ნიკა რურუას სახელობის ფონდის წარმომადგენლები. ასევე, ბობნევში არაერთხელაა ნამყოფი ცნობილი ბლოგერი ეგორ კუროპტევი.

შეგახსენებთ, მავთულხლართების ეზოში გავლების შემდეგ დათა პაპას რუსი ოკუპანტები ცხინვალის მოქალაქობის მიღებას წლების განმავლობაში ამაოდ აიძულებდნენ, რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ამის მიუხედავად, დათა ვანიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს არ ამბობს და დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმს არ აღიარებს. ის არჩევნებშიც კი მონაწილეობს: როგორღაც ახერხებს გადმოსვლას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და საარჩევნო უბანზე მიდის ხოლმე. სწორედ ამ პრინციპულობის გამო, იგი არამარტო საქართველოშია ცნობილი.

მოხუცი დათა ვანიშვილი, ფაქტობრივად, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები ერთადერთი საქართველოს მოქალაქეა, ვისთანაც პირადი კომუნიკაცია ჰქონიათ დემოკრატიული სამყაროს იმ ლიდერებს, ვინც საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ზოლთან გასულან. სხვადასხვა დროს დათა ვანიშვილს შეხვდნენ ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროპარლამენტარი პაოლო ბერგამასკი, ბოსტვანის საგარეო საქმეთა მინისტრი უნითი დოუ და სხვები.

საოკუპაციო ზოლზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთაგან, დათა პაპა, სავარაუდოდ, ერთადერთია, ვინც სხვადასხვა დროს პირადად შეხვედრია საქართველოს სამ პრეზიდენტს: მიხეილ სააკაშვილს, გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი