გორში სტალინის დაბადების დღეს ზეიმობენ

გამოქვეყნდა:

იოსებ სტალინის 142-ე დაბადების დღეს მის მშობლიურ ქალაქში, გორში, ზეიმობენ - კომუნისტები და სტალინის საზოგადოების წევრები სახლ-მუზეუმის ეზოში არიან შეკრებილები.

მათ სტალინის დიდი ზომის ფოტოები აქვთ მიტანილი და ამბობენ, რომ ბელადის დაბადების დღეს მსოფლიოც უნდა ზეიმობდეს.

შეკრებილებმა მუზეუმის ეზოში სტალინის მცირე ზომის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს და 2010 წელს გორის ცენტრიდან აღებული მონუმენტის დაბრუნებაც მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ იოსებ ჯუღაშვილი - იგივე სტალინი - 1872 წელს სწორედ გორში დაიბადა. ის 1922-1953 წლებში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი იყო. ახალგაზრდობაში სტალინი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის, "მესამე დასის", წარმოადგენდა და მარქსისტული იდეების გავრცელებას ცდილობდა. 

სწორედ სტალინის სახელს უკავშირდება 1930-იანი წლების რეპრესიები, რომელმაც პიკს 1937 წელს მიაღწია. "ბელადის" დავალებით ხვრეტნენ ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს, მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ედავებოდნენ და "ხალხის მტრებად" მოიხსენიებდნენ. რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, 1.3 მილიონს აღწევს. 

სტალინის სიცოცხლეშივე გაჩნდა მისი კულტი; მისი, როგორც მხსნელისა და გადამრჩენელის ფიგურის ფორმირება გარდაცვალების შემდგომაც გაგრძელდა, რასაც სსრკ-შივე აპროტესტებდნენ.

2017 წელს The Wall Street Journal-ში ისტორიკოსისა და პოლიტოლოგის, სტივენ კოტკინის, სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ის წერს, რომ კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა რიცხვი 65 მილიონს აღემატება. ეს კი თითქმის მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა საერთო რაოდენობას უდრის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი