ეს პოსტი, არა მხოლოდ მედიასაშუალების დირექტორის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირადი და საჯარო შეურაცხყოფაა, არამედ ძირს უთხრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს - პრეზიდენტის ინსტიტუტს - ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა მედიის განვითარების ფონდს მიმართა და ნიკა გვარამიას პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე რეაგირება მოითხოვა.
ორგანიზაციაში გაკვირვებულები არიან - რატომ მიმართა მათ პრეზიდენტმა ამგვარი საჩივრით, რადგან მათი ფუნქცია სოციალურ ქსელებში ვირუსული გზით გავრცელებული ყალბი ინფორმაციის მონიტორინგია და არა კერძო პირების პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების შესწავლა.
იქამდე ვიდრე მედიის განვითარების ფონდს მიმართავდა, პრეზიდენტმა იგივე საჩივრით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.
ქარტიაში ზურაბიშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილეს და განმარტეს, რომ ეთიკის ქარტია მედიის მარეგულირებელი ორგანოა და მისი ფუნქციაა შეისწავლოს არღვევს თუ არა რომელიმე მედიაკონტენტი ეთიკის სტანდარტებს.
ქარტიაში მიიჩნევენ რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება და რომელიმე პირისთვის პირად სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნება ამ უფლებას არღვევს.
ირკვევა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად მიმართავენ ქარტიას ამგვარი საჩივრით. ქარტიაში ხელისუფლებას მოუწოდებენ რომ პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას რადგან ამ უფლების შეზღუდვა ქვეყნის დემოკრატიულობას უქმნის საფრთხეს.
რატომ მიმართა პრეზიდენტმა ამ ორგანიზაციებს ამგვარი საჩივრით - მედიის წარმომადგენლები მიზეზს ერთი მხრივ პრეზიდენტის არაკომპეტენტურობას აბრალებენ და ურჩევენ კომპეტენტური მრჩეველი მაინც აიყვანოს, მეორე მხრივ კი თვლიან რომ ეს გამოხატვის თავისუფლების უფლებას ზღუდავს და არ არის გამორიცხული მმართველი გუნდი განსხვავებული აზრის ჩასახშობად ერთგვარი ცენზურის დაკანონებასაც აპირებდეს.
პრეზიდენტს ორ ორგანიზაციაში უკვე უარი უთხრეს საჩივრის განხილვაზე, თუმცა იქამდე ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ორგანიზაციების მოვალეობებში გაერკვევა ან უფრო კომპეტენტურ მრჩეველს აიყვანს, არ არის გამორიცხული საჩივრის წერილების გაგზავნა სხვა ორგანიზაციებშიც გააგრძელოს.