დაკარგული ჯარისკაცი - სამხედრო ბაზაზე გიუნაშვილის ტელეფონი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე არ სურთ ისაუბრონ დაკარგულ ჯარისკაცზე, რომელიც "მთავარის" ინფორმაციით უკვე მესამე დღეა გაუჩინარებულია და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი.

დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ ვიდეოკადრები გაავრცელა სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება თეიმურაზ გიუნაშვილი სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

რაც შეეხება სხვა ვიდეო კამერებს, რომელიც ახლომახლო მაღაზიებზეა დამონტაჟებული, უწყებას ჯერ არ ამოუღია. 

გაუჩინარებულ თეიმურაზ გიუნაშვილს უშედეგოდ ეძებს მისი ოჯახიც. ჯარისკაცის ძმა დღეს ვაზიანში იმყოფებოდა.

აქვთ ვიდეო კამერიდან ამოღებული ფოტო, რომელიც 21 დეკემბერს 22 საათსა და 20 წუთზეა გადაღებული. ამ დროს გიუნაშვილი ჯერ ისევ ბაზაზე იმყოფებოდა. სად გაუჩინარდა ახალგაზრდა ინფორმაცია არავის არ აქვს. ერთადერთი ხელჩასაჭიდი ტელეფონია, რომელიც ბაზაზე იპოვეს. დაკარგულის ძმა ამბობს რომ ეს საეჭვო გარემოებაა. 

ტელეფონის დაკარგვის ფაქტი ეჭვს იწვევს თეიმურაზ გიუნაშვილის ოჯახის სხვა წევრებშიც. მას ორი დღის განმავლობაში ურეკავდნენ. ჯარისკაცი ზარებს არ პასუხობდა. მოგვიანებით კი მობილური ტელეფონი ბაზაზე მისი ბალიშის ქვეშ იპოვეს. 

ჯარისკაცის დაკარგვიდან მესამე დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ღარიბაშვილის უწყებამ პრობლემა ვაზიანის ბაზაზე მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც ინფორმაცია მედიით გახმაურდა. 

დაკარგული სამხედროს სამძებრო სამუშაოებში სამხედრო პოლიციის გარდა შსს-ც ჩაერთო. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი