უსახლკაროთა სიას კიდევ 7 ოჯახი დაემატა - ბულდოზერები სამგორშიც გამოჩნდნენ

გამოქვეყნდა:

უსახლკაროთა სიას კიდევ 7 ოჯახი დაემატა. სპეციალური ტექნიკა სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დილის 6 საათზე გამოჩნდა. იქ მცხოვრებთა უმეტესობას ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცეს. პატარა ბავშვებთან ერთად 2 ოჯახი გარეთ გამოყარეს და  დაანგრიეს ცივ ზამთარში ამ ადამიანების ერთადერთი თავშესაფარი. 

ადგილობრივებმა იცოდნენ, რომ უკანონოდ, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ააშენეს სახლები, მაგრამ ამბობენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. 

დედაქალაქის მერი მაინც ამტკიცებს, რომ ამ ადამიანებს საკუთრებაში ბევრი სახლი აქვთ და სამგორში ვილებს იშენებდნენ. 

კანონი რომ დაირღვა ამაზე ყველა თანხმდება, სახელმწიფო უწყებებიც და სამოქალაქო სექტორიც, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებში თვლიან რომ ცივ ზამთარში, პანდემიის პირობებში კანონში ჩაწერილ 2 წინადადებაზე მეტი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, რომ ჰქონდეს საცხოვრებელი. 

დედაქალაქის მერიასთან კითხვები აქვს სახალხო დამცველსაც. ნინო ლომჯარიას უწყებაში აინტერესებთ დემონტაჟის დაწყებამდე გაითვალისწინეს თუ არა, რომ ეს ადამიანები ღია ცის ქვეშ რჩებოდნენ, ან იზრუნა თუ არა მუნიციპალიტეტმა მათი თავშესაფრით უზრუნველყოფაზე. 

ამ კითხვებზე კახა კალაძეს დღეს პასუხი არ გაუცია. სამაგიეროდ თქვა, რომ სახელმწიფო მიწის მიტაცებაში მერიის თანამშრომლის ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ და სახლს უკანონოდ აშენებდნენ. 

გათავისუფლდა თუ არა ეს პირი დაკავებული თანამდებობიდან და რა ზომები გაატარა კალაძის უწყებამ მის წინააღმდეგ, არვინ იცის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი