ქუთაისში კი ე.წ კეჩის ბაზრობის თანამშრომლებმა აქცია გამართეს - ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრის გახსნას, რეგულაციების გადახედვასაც მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან და შიმშილობას დაიწყებენ.
ბაზრობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ბაზრობაზე დისტანციისა და ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, თუმცა მთავრობამ მხოლოდ მოლები გახსნა. მათივე თქმით, საახალწლოდ ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
"ბაზრის გახსნას ვითხოვთ, ერთი თვეა სახლში ვართ, სეზონური საქონელი გვაქვს, დაქცეულები ვართ ასეც და ისეც. გინდ კორონას მოვუკლივართ და გინდა შიმშილს. ყველანაირ რეკომენდაციებს დავიცავთ", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეებს ქუთაისის მთავარი მაგისტრალის გადაკეტვა სურდათ, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 24 დეკემბერიდან, 2 იანვრის ჩათვლით, მხოლოდ სავაჭრო ცენტრებს აქვთ უფლება მუშაობის განახლების. ახალი რეგულაციის მიხედვით, მკაცრად აკრძალულია სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელთა გადაჭარბებული რაოდენობის დაშვება. 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა შევიდეს.