პანდემია, ლოქდაუნი, კლასტერი, საწოლფონდი, არჩევნები, ბოიკოტი - საქართველოს 2020

გამოქვეყნდა:

2020 წლის იანვარში მსოფლიომ ბატიბუტი მოიდგა და ჩაუჯდა - გამოჩნდა იმ ფილმის თიზერი, ჩვენში რომ ფორსაჟად თარგმნიან. თავისუფლების მოედანზე აქროლეს მანქანები, ვაჟა-ფშაველაზე დალეწეს, ქავთარაძეზე თავ-ყბა უნგრიეს ერთმანეთს, მტერი ჩვენი დიდგორით დაცხრილეს, მე-4 პლატოზე სულ კისრულით იხტუნეს და ... არც არაფერი. კინა ნე ბუდეტ - კორონა
ორწლიანი სიცარიელის შემდეგ, როგორც იქნა, ამერიკის ელჩი დაინიშნა. კელი დეგნანმა 31 იანვარს კაბინეტში შედგა ფეხი, 8 თებერვალს კი უკვე ბორის ივანიშვილის გასაცნობად წავიდა. სტრატეგიული მეგობრის ელჩი ჩამოვიდა და ცხოვრება თითქოს უნდა დალაგებულიყო. ამერიკულ არხებზეც მოვხვდით - მართალია, უპირველესად ბათუმელი ძაღლით, მაგრამ ეგეც ხომ საქმეა. ეჰ, კაი დრო იყო, როდესაც ბავშვები ბაღებში დადიოდნენ.

იმ ბედნიერ დროს სიტყვა ტურისტი ჯერ კიდევ გამოიყენებოდა ქართულ ენაში. თვითმფრინავები დაფრინავდნენ, სასტუმროებში ჯანმრთელი ადამიანები ცხოვრობდნენ 

ლაშა ტალახაძე თებერვალში საუკეთესო ათლეტად აღიარეს.

8 მარტს ხელისუფლება დათანხმდა, ოქტომბრის არჩევნებზე 30 მაჟორიტარი და 1%-იანი ბარიერი ყოფილიყო და გამოეშვა პოლიტპატიმრები.

მაშინ დაიწყო. იმ მარტში. პოლიტპატიმრები ხომ ბოლომდე არ გამოუშვეს, შემდეგ კი ქვეყანა აქციეს ერთ დიდ ციხედ.

პანდემია საყოველთაო იყო, მაგრამ ქოცმა საკუთარი გზის ძებნა დაიწყო. ყველაფერი რომ ჩაკეტა და ჩარაზა, დაჯდა და "კანტროლკა" მოიფიქრა - ცოლებს აუკრძალა ქმრების გვერდით მანქანაში ჯდომა.

თავად კი სულ ფუტკარივით "მუშაობდა". იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაგალითად, მარტში ქვეყნის აღორძინებისა და გლობალური დათბობის დამარცხების გეგმა დადო - ქოცი არ ვიყო, ქუთაისის ქარხანას აგვისტოში თუ პირველი ელექტრომანქანა არ გამოვაშვებინო და წარმოება წელიწადში 40 ათასზე არ ავიყვანოო.

საავტომობილო ბაზრის დაკარგვის რეალური საფრთხე რომ დაინახა, ელონ მასკმა თავი მოიფხანა, კოსმოსშიც არ გამასწრონ ქოცებმაო და გამოაცხადა, 2026 წელს ადამიანს ფეხს მარსზე დავადგმევინებო. 

ივანიშვილის პასუხი გახდა წლებით ადრე გასახსნელი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინაუგურაცია ქუთაისში. მარსის ეკიპაჟებმა იქნებ სწორედ მის ბაზაზე უნდა გაიარონ მომზადება - კოსმოსური მომავალი ჩვენია.

სანამ კალაძემ ჭავჭავაძე ვერ გახსნა, ბრიუსელმა გაგვიხსნა მთელი ევროპა. და იმდენი ფული მოგვაყარა, წესით, შვილთაშვილებს უნდა ყოფნოდა.

ტაში ევროპას, ტაში ამერიკას, ტაში ექიმებს, ტაში აივნებიდან

ოღონდ, კორონას პირველი ტალღით თუ ვინმემ სახელი შეიძინა, არა მუშკეტერი ექიმები, არა სუპერმენეჯერი თვალთხარია, არამედ მღვდლები იყვნენ.

გლობალურ პანდემიაში საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვირუსი რელიგიური თემაა. საპატრიარქომ ასე გადაწყვიტა, მთავრობამ ასე დაუშვა. არიქა, ხალხის დაშინებისა და დამორჩილების ახალი შანსი გვესროლა უფალმა და ბოლომდე მივჩექმოთო. ერთი ორი თვე კი იძახეს, სულ ჩვენი ნაპკური წმინდა წყლის დამსახურებაა, ქვეყანა რომ გადარჩაო. იძახეს, სანამ სტატისტიკამ 5000-ს არ აარტყა, კორონათი გარდაცვლილი მღვდლებისა და მღვდელმსახურების კუბოები კი ტაძრებში არ დაიდგა.

2020, როგორც საარჩევნო წელი, კვლავ საპატრიარქოს წინაშე კუდის ქიცინის დრო იყო. აჩუქეს 20-20 ჰექტარი ტყე ეკლესიების გარშემო. კიდევაც ჩამწკრივდნენ მღვდელმთავრები ქართული ოცნების საარჩევნო მიტინგებზე -ეგენიც ჩვენი სულიერი შვილები არიანო. 

თვალი დაიბრმავეს და პირი დაიმუნჯეს გელათის გახვრეტილ სახურავზე. ასეა, როცა ბორის მდიდარს მეტად ეთაყვანები, ვიდრე დავით აღმაშენებელს

ვირუსის გამო შეიძლება ბევრს არც გაუგია, მაგრამ ქართველ მეზღვაურებს ხან სად იტაცებდნენ, ხან - სად, განსაკუთრებით აქტიურად - ნიგერიაში.

...ჩვენს დაცვაზე ამერიკელები 2020 წელს მაგრად დაიხარჯნენ. ჯაველინები და ვერტმფრენების რემონტი არმიისთვის, 1 მილიონი დოლარის რადიოსისტემა სანაპირო დაცვისთვის, 20 ყველგანმავალი საზღვაო რაზმებისთვის...

თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ენბიეის ნაცვლად, რუსეთის არმიის სპორტულ კლუბში ამოჰყო თავი. თანაც, მთელი ნაკრები გვეჩხუბა, სპორტსა და პოლიტიკას ნუ ურევთო​.

ფიტჩმა ბიბი რეიტინგი მოგვანიჭა, ოღონდ ბოლოში მიგვიწერა -ნეგატივ. 

ჯერ კიდევ იანვარში შეგვახსენა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, წევრობა თუ გინდათ, სასამართლო სასამართლოს უნდა დაამსგავსოთ და არჩევნები - არჩევნებსო. 

20 ივნისს თვალთხარიაობის წლისთავი ამერიკის საელჩომ განცხადება-შეხსენების საბაბად გამოიყენა - თქვენთან ვართ, მაგრამ იცოდეთ, საარჩევნო რეფორმა და მრავალხმიანი პარლამენტი რუსეთისგან საუკეთესო თავდაცვააო​.

განზრახ თუ არა, აგვისტოს ბოლოდან საქართველოს მთავრობამ ტესტირება გააათმაგა. შედეგიც გაათმაგებული მიიღო - ორ თვეში ზრდის ტემპით მსოფლიოში პირველ ადგილზე ავედით. საქართველო ყველა რუკაზე გააწითლეს და, უკიდურესი საჭიროება რომ არ ესმოდეთ, არც იმ ორ კაკალ ერთდღიან დამკვირვებელს გამოგზავნიდნენ, 31 ოქტომბრისთვის რომ ჩამოვიდა. ევროსაბჭომ, მაგალითად, სულ 9 კაცი გამოგზავნა, სათავეში კი პირწავარდინილი კომუნისტი, ტონი კოქსი ჩაუყენა, გავრილოვი ნიდერლანდების პასპორტით. რა დასკვნას დაწერდა და რის დანახვას მოინდომებდა, დიდი ფიქრი არ სჭირდება.

წლის დასაწყისში ვინმეს რომ ეკითხა, გაყალბდება თუ არა არჩევნები საქართველოშიო, დიდი უმრავლესობით უპასუხებდით - დიახ. მაგრამ რომ ეკითხათ, გაყალბდება თუ არა არჩევნები ამერიკაშიო, დარწმუნებით უპასუხებდით - არა. ჰოდა, 2020-მა ეგ განსხვავებაც მოსპო. მეორედ მოსვლა თუა, როდესაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ორი თვეა ამტკიცებს, გამარჯვება მომპარესო

რუსეთმა სომხეთს განკითხვის დღე მოუწყო....აზერბაიჯანმა კი მიიღო სერიოზული სამხედრო ძალის სტატუსი და წართმეულის 80% დაიბრუნა. რუსეთმა მიიღო სამხედრო ბაზა აზერბაიჯანში. პლუს, ხურდად, საქართველოს საჰაერო სივრცე, 4 თითზე გახსნილი. პირველად 2008 წლის შემდეგ. სომხეთმა კი დაკარგა თითქმის ყველაფერი. ყველაზე უარესი - პერსპექტივა, რაიმეს გახდეს რუსის გარეშე.

საქვეყნო ტოტის მჭრელთა შორის წელსაც გამორჩეული იყო მადამ პრეზიდენტი, რომელის უკანასკნელი მარგალიტები ფართორეგიონულია. პირველი იყო მადლობა პუტინს, სომხეთ-აზერბაიჯანის ომში თვენახევრის შემდეგ რომ ჩაერია და ყარაბაღში სამხედრო ბაზა გახსნა. მეორე კი გახდა ინიციატივა, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ერდოღანის ნათქვამი გადაამღერა. კვლავაც მივცეთ რუსეთს დიდი დათვის როლი კავკასიაში და გავლენა თურქეთთან და ცოტა ირანთან გავაყოფინოთ.

ამერიკა რომ ამერიკობდეს და ჩვენთვის ეცალოს, ევროპა რომ ევროპობდეს და ეცალოს, ნატო რომ ნატოობდეს და ეცალოს, კი გვკითხავდნენ, ეგ ქარი საიდან უბერავს და თქვენც ხომ არ უბერავთო, მაგრამ ამ საშობაოდ ბორის ივანიშვილი სახლში მარტოა დატოვებული და სანამ  უფროსები არ ჩანან, რასაც უნდა, აკეთებს.

წავიდა ერთი წელი და უამრავი ახალი სიტყვა დაგვიტოვა - თერმოსქრინინგი, თერმომეტრიზაცია, პანდემია, სოციალური დისტანცია, ლოქდაუნი, კორონასტატისტიკა, კოვიდსასტუმრო, ღამურის სუპი, კლასტერი, პისიარ-ტესტი და, რა თქმა უნდა, საწოლფონდი. დაგვიტოვა სიტყვა ბოიკოტიც, არახალი, მაგრამ ამჯერად ძალიან მასშტაბური. და თუ ადამიანები 2020-მა სახლებში შერეკა, 2021 პირდაპირ ეძახის, გამოვიდნენ და 31 ოქტომბერს წართმეული ხმა პუტინის ჯიბის ბანკირს გამოგლიჯონ.

წელს ვეფხისტყაოსანი ინდურად ითარგმნა და, როგორც იქნა, გაიგეს დიდი წინაპრების სიყვარულისა და ჯიქის ტყავის ამბები, რატომღაც რომ სულ კედელზე უკიდიათ

ავად თუ კარგად, აქამდე რაღაც ამბიცია გვქონდა - თავი ერი გვეგონა, დემოკრატიაზე ხმამაღლა ვმსჯელობდით, ნატოს კარზე ვაკაკუნებდით და ევროკავშირისას ვეძებდით, ერთი მაგათაც გავაგონოთ ხმაო. 2020-მა წელმა კი სულ დაგვაჩაჩანაკა - ევროპას ვინ ჩივის, საკუთარი სახლის კარის გაღებაზე ვოცნებობთ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი