ჯულიეტა - ნამდვილი ტელევარსკვლავი

გამოქვეყნდა:

პირველი ქართული ტელევიზია დაახლოებით 2 წლის გახსნილი იყო, როდესაც ჯულიეტა ვაშაყმაძე ცისფერ ეკრანზე გამოჩნდა. მაშინ არ არსებობდა სატელევიზიო რეიტინგები, მაგრამ არსებობს დღეს. თუმცა ციფრების და სტატისტიკის გარეშეც ნათელია - ის მართლაც პირველი ქართველი  ტელევარსკვლავია.

მისი პირველი ეთერი ხაზის რადიოთი გადასცეს. ტელევიზია ჯერ არ არსებობდა. ის სულ 14 წლის იყო.

პროფესიით არქიტექტორი, თეატრალური ინსტიტუტში მეორე ხელობას  - სამსახიობო ოსტატობას ეუფლებოდა, როდესაც მეორეკურსელი ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიაში წამყვანად მიიღეს. მაშინ მათ დიქტორები ერქვათ.

იმ დროს დიდი იუბილე აღინიშნებოდა, 1500 წელი თბილისის დაარსებიდან და ჯერ სრულიად გამოუცდელ გოგონას ხელში ერთი ტომი ტექსტი დააჭერინეს.

ის ვარსკვლავი ფაქტობრივად ერთ ღამეში გახდა და მიხვდა ამას, როგორც კი მეორე დღე გათენდა და რუსთაველზე გადაცემის რედაქტორთან, აკაკი ძიძიგურთან ერთად ჩაიარა.

მარჯანიშვილის თეატრში რეპორტიორობამდე  ორი წელი, როგორც დრამის მსახიობმა გაატარა.

პირველი კინოროლი "ყვავილი თოვლზე" იყო.

მთავარი როლის შემსრულებელმა გადაღებები ბაკურიანში, ტირილში გაატარა.

ჯულიეტა ვაშაყმაძემ რამდენიმე კინოსახე შექმნა და არჩევანი ორ საეკრანო კარიერას შორის გააკეთა.

ყველაფერი კავშირგაბმულობის სახლში განთავსებულ რედაქციაში მზადდებოდა. ეთერი კი მაშინ ფუნიკულიორიდან გადაიცემოდა.

მაშინაც კი, როცა რედაქციაში ჯერ საბეჭდი მანქანაც არ იყო, ჯულიეტა ვაშაყმაძე თვალს ხელნაწერი ტექსტებისკენ არ აპარებდა, არ ბორძიკობდა, მაგრამ ამ ვირტუოზული უნარის გარდა იყო კიდევ ერთი გამოწვევა და თავად ამ გამოწვევას ძალიან ზუსტად დაარქვა - წონასწორობა.

წონასწორობის შენარჩუნებაში და უმაღლესი კატეგორიის მიღწევში ტელესაქმეში განსაკუთრებით გამოადგა მისი, როგორც რეპორტიორის გამოცდილება. რეპორტაჟებს კი უძღვებოდა თბილისიდან, რეგიონებიდან და უცხოეთის ქვეყნებიდანაც.

ჯულიეტა ვაშაყმაძემ ტელევიზიაში 50 წელი გაატარა. ჟურნალისტიკაში არასოდეს უღალატა თავის აკადემიურ სტილს.

საკუთარი სტილის, ხელწერისა და პროფესიული წონასწორობის გამო ჯულიეტა ვაშაყმაძე პატივსაცემი და გასათვალისწინებელი პერსონაა ჟურნალისტებისთვის ჩვენს თაობაშიც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვა დინამიკა, სხვა მედიები, სხვა სტანდარტებია და ჟურნალისტიკაც შეიძლება ითქვას, სხვა რამეს ქვია, მისი ჩანაწერები ჩვენთვის პროფესიული ისტორიის სახელმძღვანელოა, 

ჯულიეტა ვაშაყმაძის მემკვიდრეობიდან მთავარი ოქრო "მთავარ არხს" ერგო. მისი სამი შვილიდან ორი ჩვენი გუნდის წევრია - რეჟისორი დათა გაბუნია და რადგან დღეს უკვე არსებობს რეიტინგები, ამ რეიტინგებით, საქართველოს ნომერი ერთი ტელევარსკვლავი - გიორგი გაბუნია. 

გიორგი გაბუნიას მისი მთავარი მრჩეველის შესახებ ხშირად ვეკითხებოდით მისი მეგობრები და გუნდის წევრები, -რას ფიქრობს ჯულიეტა ვაშაყმაძე იმის შესახებ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს და რა თქმა უნდა იმაზე, რაც დიდი ხნის წინ ხდებოდა ცისფერი ეკრანის მიღმა. 

პასუხებში კი ყოველთვის ვგრძნობდით, სავარაუდოდ დედისგან მიღებულ წონასწორობას, რიდს, შენთვის ძვირფასი ადამიანის, თითქოს საკუთარი თავის ქებას რომ ახლავს და ვფიქრობთ, ამ  დიდი განშორების შემდეგ, მთავარი არხის ახალი სატელევიზიო სეზონის გახსნისთანავე უკვე მომავალ წელს, ბოლოსდაბოლოს ჩვენ თქვენთან ერთად მოვისმენთ ამ ამბავს - მინდა გიამბოთ დედაზე...

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი