მიცვალებულების ამოთხრის ფაქტებს მესაფლავე "მთავარ არხს" ექსკლუზიურად უყვება, მაგრამ ეშინია რომ გულწრფელობისთვის სამსახურს დაატოვებინებენ ამიტომ, ანონიმურად დარჩენა გადაწყვიტა.
ბოლო სამი თვეა საბურთალოს სასაფლაოზე საკუთარი თვალით ხედავს ათობით ამოთხრილ საფლავს. ვინ და რა მიზნით თხრის მიცვალებულებს? ამ კითხვაზე პასუხი მასაც აინტერესებს.
მესაფლავეების გარდა, გადათხრილი საფლავები გარდაცვლილების ოჯახის წევრებმაც აღმოაჩინეს.
ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ძვირფასეულობის ქურდობას უკავშირდებოდეს.
ახლობლებს სასაფლაოზე ისიც უამბეს, რომ სასაფლაოდან გამოსული დასვრილი მამაკაცი ტაქსის მძღოლს ოქროს ბეჭდების დასალომბარდებლად ხშირად წაუყვანია.
რა ხდება რეალურად არავინ იცის.
მესაფლავე გვიყვება, რომ იყო შემთხვევები, როცა ქალბატონებმა პოლიციასაც კი გამოუძახეს, მაგრამ მძარცველები მათ მოსვლამდე მიიმალნენ.
საბურთალოს სასაფლაო ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, თავის მხრივ თბილისის მასშტაბით საქალაქო სასაფლაოებს კომპანია „ჰერმესი“ კურირებს. დირექტორი შეკითხვებმა გააღიზიანა.
თბილისის მერიაში ვანდალიზმის ფაქტებზე ინფორმაცია არ აქვთ. მიცვალებულების ამოთხრაზე პასუხისმგებლობის აღება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ სურს.