დენი და წყალი გაძვირდა - გაღატაკებული მოსახლეობა გამოუვალ მდგომარეობაში

გამოქვეყნდა:

პირველი იანვრიდან დენისა და წყლის გადასახადი ძვირდება. მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. 2021 წლიდან მოსახლეობას ელექტროენერგიის 3.5 თეთრით უფრო მეტის გადახდა მოუწევს. რაც ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებული 100 კილოვატ საათი ოჯახებს სამი ლარით მეტი დაუჯდებათ. 

ეკონომიკური კრიზისის პირობებში და  სამუშაო ადგილების დაკარგვის ფონზე მოსახლეობამ არ იცის როგორ გაართმევენ თავს გაზრდილი გადასახადების გადახდას, როცა ცხოვრება ყოველდღიურად ძვირდება.

ელექტროენერგია თანაბრად ძვირდება რეგიონებში. შემოსავლის გარეშე და უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ფიქრობენ, რომ დენის გაძვირება ფასებს სხვა ყველა პროდუქტზე გაზრდის და თავის გატანა უკვე შეუძლებელ იქნება. 

კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან უწევთ. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ კრიზისის ფონზე ისინი გადასახადებს ვეღარ გადაიხდიან.

დენის გადასახადი 14 თეთრამდე გაუძვირდება არასაყოფაცხოვრებო სექტორსაც. სალონებისა და საცხობების მფლობელები განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაშ, თუ თვითონაც არ გაზრდიან მომსახურებისა და პროდუქციის გადასახადს, გაკოტრდებიან და დახურვა მოუწევთ. 

დენის ტარიფის ზრდას საკუთარ თავზე იღებს მარეგულირებელი კომისია. დავით ნარმანია განმარტავს, რომ ახალი ტარიფები უწყების მიერ დადგენილი მეთოდოლოგიითა და სპეციალური ფორმულით განისაზღვრა. 

"თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია" კი სემეკის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ და გაზრდილი ტარიფის კიდევ უფრო მეტ ზრდას ითხოვდნენ.

ოჯახებს, რომლებიც თვეში 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ 1 წლის განმავლობაში მომატებულ 3.4 თეთრს სახელმწიფო დაუსუფსიდირებს, ადგილობრივ წარმოებას კი სახელმწიფო ბიუჯეტი გაზრდილი ტარიფის 50 პროცენტს გადაუხდის. 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, თუმცა გიორგი გახარიას არაფერი უთქვამს რა იქნება 1 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც მოსახლეობას გაზრდილი გადასახადების გადახდა მოუწევს. 

დენთან ერთად მომავალ წელს მოსახლეობას წყლის გაზრდილი ტარიფის გადახდაც მოუწევს. თბილისსა და მცხეთაში გამრიცხველიანების მქონე აბონენტებს წყალი 17 თეთრით, ხოლო სულადობრივად გადამხდელ ოჯახებს 63 თეთრით ეზრდებათ. 

არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი 4.40 თეთრის ნაცვლად 6.50 თეთრის გადახდა მოუწევთ. წყლის ტარიფი იზრდება რუსთავშიც. მრიცხველის მქონე აბონენტებს 1 ხოლო სულადობრივად 7 თეთრით.

ეკონომისტები განმარტავენ, რომ ახალი ტარიფები გამოწვეულია, იმ ღრმა ეკონომიკური კრიზისით რომელიც ქვეყანაშია. კიდევ ერთ მიზეზად სახელდება ლარი რომელის მუდმივი გაუფასურება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი დადგენილი ტარიფები პროდუქტებზე ფასის მატებას გამოიწვევს. 

ახალი ტარიფების დადგენა, მარეგულირებელ კომისიას აქციის ფონზე მოუწია. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, რომელიც წლების განმავლობაში მარეგულირებლის თითქმის ყველა სხდომას ესწრებოდა და სასამართლოშიც ასაჩივრდებდა, მომატებულ კომუნალურ გადასახადებზე მთელ პასუხისმგებლობას მოსახლეობას აკისრებს. ხალხს, რომელმაც არასწორი არჩევანი გააკეთა. 

დენის დადგენილი ტარიფის გადახდა მოსახლეობას 4 წელი მოუწევს. წყალს კი ამ ტარიფით 3 წლის განმავლობაში გადაიხდიან.  

კომისიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ წყლის კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ, რაც ქმნის ალბათობას, რომ შესაძლოა გადასახადმა კიდევ უფრო მოიმატოს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი