გორში, ცენტრალურ ბაზრობაზე ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. წმინდა წყლის დასახლებაში, შერეულ ბაზრობაზე გაჩებნილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებული არ არის, ამ დრომდე მიმდინარეობს ღია კერების დაქრობა.
პარალელურად, მოვაჭრეები საკუთარი პროდუქციის გადარჩენას ცდილობენ. მათ სავაჭრო ობიექტებიდან ნივთები გამოაქვთ.
გორის ბაზრობაზე 200-მდე მოვაჭრე წლების განმავლობაში მუშაობს, თუმცა ბოლო პერიოდში, დაწესებული შეზღუდვების გამო ბაზრობა დაკეტილი იყო, შესაბამისად მოვაჭრეები გამორიცხავენ, ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩენილიყო, თუმცა ვერც იმას ამბობენ, რამ გამოიწვია ხანძარი ბაზრობაზე.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ადგილზე მივიდა მუნიციპალიტეტის მერიც, რომელიც ამბობს, რომ ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, დადგინდება ზარალის რაოდენობაც და შემთხვევის გამომწვევი მიზეზიც.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
შეგახსენებთ, ძლიერი ცეცხლი გორი ბაზრობაზე დღეს საღამოს, დაახლოებით 10 საათისთვის გაჩნდა. მიზეზი, დამწვარი ფართობი და ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.