2020 წლის ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი ნამოხვანში გიგანტური ჰესის აშენების წინააღმდეგ - ადგილობრივთა სამოქმედო გეგმა ცნობილია, ისინი ახალი წლის ღამესაც კარვებში შეხვდებიან და გზის გადაკეტვასაც არ გამორიცხავენ იმ შემთხვევაში, თუ თურქული კომპანია, რომელიც ჰესის აშენებას უზრუნველჰყოფს, მშენებლობას განაახლებს
"ჩვენ აქ ვრჩებით ახალი წლის ღამესაც, ვაპირებთ კარვებში ღამის გათენებას და ეს პროტესტი არ შეწყდება, ამ აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იკლებს, პირიქით, იმატებს და გაგრძელდება მანამ, სანამ თურქული კომპანია არ დატოვებს ხეობას", - აცხადებს აქციის ერთერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისამდე მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.
ქუთაისის შემდეგ იტბორება მთელი კოლხეთის დაბლობი - სულ 18 მუნიციპალიტეტი და 70 დასახლებული პუნქტი. შავ ზღვას ნამახვანის რეზერვუარის წყალი ფოთის ნაპირზე შეუერთდება 2,- 2,5 მეტრის სიმაღლის ტალღით.
თურქული კომპანია "ენკა" კი დაწყებული სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს. კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.