საგანგებო სიტუაციების მართვის სამასახურის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში აქრობს ცეცხლს, რის შედეგადაც 105 აქტიური კერიდან, 100-ის სრული ლიკვიდაცია მოხერხდა, ხოლო ხუთ კერაზე აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
ამ დროისთვის
უწყების ინფორმაციით, კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს. ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.
ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.