წელს ტრადიციული საშობაო ალილო არ ჩატარდება. დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მსვლელობის ნაცვლად მღვდლები მოსახლეობას მანქანებიდან აკურთხებენ, ხოლო საშობაო მსახურება სამებაში ოთხშაბათის საღამოს 23 საათიდან დაიწყება:
წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება. „ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება:
არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები..." ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ შობის ღამეს მთავრობა ე.წ. კომენდანტის საათს ერთი ღამით ისევ გააუქმებს.